"ოცნება" ომბუდსმენის აპარატის წინააღმდეგ - წულუკიანმა იოსელიანს რეორგანიზაციაზე მიანიშნა?!

10.06.25 15:54
"ოცნება" ომბუდსმენის აპარატის წინააღმდეგ - წულუკიანმა იოსელიანს რეორგანიზაციაზე მიანიშნა?!

სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში "ქართული ოცნების" ლიდერმა, თეა წულუკიანმა დაიწუნა - ივანიშვილის გუნდის წევრების უკმაყოფილება ანგარიშის იმ თავს ეხება, სადაც პირდაპირ წერია, რომ ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების უფლებები დაირღვა და ხაზგასმულია პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობა.

დღეს თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანი გააკრიტიკა და კრიტიკის ობიექტები გახდნენ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებიც. 

დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად გიცნობთ და ღირსებით სავსე ადამიანი ხართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ, ალბათ სტაფის ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომელსაც ეჩვენება, რომ დეესკალაციის ოთახებში თურმე ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა. ეს ძალიან უპასუხისმგებლო განაცხადი".  - მიმართა წულუკიანმა ლევან იოსელიანს.

"ქართული ოცნების"  წევრების უკმაყოფილება ჩანაწერის იმ ნაწილმაც გამოიწვიამ, სადაც სახალხო დამცველი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და საქმიანობაში ხელშეშლაზე მიუთითებს.

ნინო წილოსანი  ირწმუნება, რომ აქციებზე პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბარი „ეუცნაურა". მეტიც, მისივე მტკიცებით, ასეთი „არცერთი შემთხვევა" არ ახსენდება.

"ქართული ოცნება" პლენარული სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტი ლევან იოსელიანმა წარადგინა.

მსგავსი სიახლეები