"ოცნებაში" არ პასუხობენ კითხვას, რას ფიქრობს ივანიშვილი ღარიბაშვილზე
„ქართულ ოცნებაში“ კვლავ არ ამბობენ, როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს. შოთა ხაბარელი ყოფილი პრემიერისგან განმარტებას მის ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ელოდება და ამბობს, რომ ღარიბაშვილმა სწორედ ამ კითხვებზე უნდა გააკეთოს აქცენტი.
ბევრი რამე აქვს ახლა გასაანალიზებელი მას. ასეთი წერლების წერა, მე ვფიქრობ, არ არის მისთვის კარგი და არც იმ გუნდისთვის, რომელ გუნდშიც იყო. მე ვფიქრობ, რომ ალბათ არასწორი ინტერპეტაცია აქვს მას. დარღვევა, რომელიც მას ჰქონდა, ამაზე უნდა გააკეთოს აქცენტი - საიდან მოხვდა ამდენი ფული მასთან? როგორც ახლა ზოგიერთი პოლიტიკოსი იმართლებს თავს, რომ პოლიტიკური პატიმარია და არაფერი დანაშაული არ ჩაიდინა, ფაქტები სახეზეა.
რა უნდა იფიქროს? ვინც გადაცდომას ჩაიდენს, ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას ბიძინა ივანიშვილმა? მთავარია, დაფიქსირებულია სამართალდამცავების პოზიცია, - ამბობს შოთა ხაბარელი.
ღარიბაშვილის წერილებს პოლიტიკურ მემუარებად უფრო მიიჩნევს ლევან მახაშვილი. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი საკუთარ პოლიტიკურ მიღწევებზე საუბრობს, თუმცა პასუხგაუცემელი რჩება მთავარი საკითხი - საიდან გაჩნდა, მისი შეფასებით, ღარიბაშვილის „დაუსაბუთებელი ქონება“.
მახაშვილი არც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პოზიციაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის ამ კითხვაზე პასუხი საინტერესო არ არის.
მისი წერილები შეიძლება საინტერესო იყოს პოლიტიკური მემუარებისთვის, მაგრამ მთავარ კითხვებზე კვლავ პასუხი არის გაუცემელი. რამდენადაც არ უნდა სცადოს, გადაიტანოს ყურადღება სხვაზე, იტრაბახოს რაღაც-რაღაცეებით, მიიწეროს ყველაფერი, მის პოლიტიკურ საქმიანობას დააბრალოს, ეს მისი გადასაწყვეტია. საიდან გაჩნდა ამხელა დაუსაბუთებელი ქონება მის სახლებში, ამის მერე, როცა ამაზე პასუხი იქნება, მერე საზოგადოება გადაწყვეტს, მას საერთოდ აქვს რაიმე რესურსი, პოტენციალი ქართულ პოლიტიკაში დარჩენის.
ბევრი რამე შეიძლება მაინტერესებდეს ან არ მაინტერესბდეს, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი საინტერესო არ არის. მთავარი საკითხი არის ის კითხვა, რაც მე დავსვი, - ამბობს ლევან მახაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილში 2021 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, ქვეყანა მაშინ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე „ხელისუფლების ჩამოშლის პირას“ იყო. ღარიბაშვილი ასევე საუბრობს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე და საკუთარ მიღწევად ასახელებს 2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.