"სანქციები მუშაობს" - პეტრე ცისკარიშვილი წულუკიანის განცხადებაზე
"სანქციები მუშაობს" - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც უკმაყოფლება გამოთქვა იმის, რომ დასავლეთის სანქციები "ოცნების" ჩინოვნიკების ოჯახის წევრებზეც ვრცელდება.
პოლიტიკოსის თქმით, რეალობა, რომელიც ივანიშვილის გუნდს დაუდგა, მიზეზშედეგობრივია.
სანქციები, რა თქმა უნდა, მუშაობს. სანქციები ამ რეჟიმს გარედან ასუსტებს. სანქციები მათ არ სიამოვნებთ, იმიტომ, რომ ჩვენს ხარჯზე, ჩვენი ქვეყნის ხარჯზე, ქართული ეკონომიკის ხარჯზე ისინი მილიონებს შოულობენ და შემდეგ ამ მილიონების დახარჯვის საშუალება არ აქვთ, მოგზაურობის საშუალება და შესაძლებლობა არ ეძლევათ და ამას განიცდიან და ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი. რა მიზეზებიც დადგა და რა რეალობაც არის ქვეყანაში, ის შედეგები დაუდგათ ამ კონკრეტულ სამთავრობო წარმომადგენლებს, თვითმარქვია ხელისუფალთ, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
"ქართულმა ოცნებამ" აღიარა, რომ სანქციების ქვეშ არა მხოლოდ "ოცნების" ჩინოვნიკები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც მოექცნენ. პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თეა წულუკიანმა დაადასტურა, რომ იზოლაციაში მოექცნენ არა მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლები, არამედ გაადგილების შეზღუდვა დაუწესდათ იმ პირებსაც, ვინც სანქციებულების ოჯახის წვერები არიან.
წულუკიანმა ომბუდსმენს უთხრა, რომ აღნიშნული სანქციები უსამართლოა და მოსთხოვა ლევან იოსელიანს, ამაზე რეაგირება მოახდინოს.