წულუკიანი წუხს, რატომ არ იცავს იოსელიანი “ოცნების“ წევრების სანქცირებულ ოჯახებს
თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა-ასე მიმართა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მან ლევან იოსელიანს კომპეტენცია დაუწუნა და მოსთხოვა, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სახალხო დამცველიც იყოს.
საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ტიპის ადამიანის უფლება გეხებათ, მათ შორის, საკუთრების უფლება. მასობრივი დარღვევებია მომხდარი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც ადამიანებს, და იმედია, მიხვდებით, რაზეც ვსაუბრობ, შარშან აუკრძალეს მიმოსვლის უფლება, რომლებიც საერთოდ არ არიან პოლიტიკაში ჩართული და პოლიტიკოსის ოჯახის წევრები არიან. ეს არის კონსტიტუციური და კონვენციური ადამიანის უფლება, იმიტომ, რომ შენი ქმარი, ცოლი თუ მეზობელი არის ჩართული “ქართული ოცნების” მხარეს, იმას გადაადგილების უფლებებს უზღუდავენ, ეს არ არის თქვენი საქმე? უნდა მოგეწოდებინათ საქართველოს მთავრობისთვის, რომ სტრასბურგში შეეტანა საჩივარი ბრიტანეთის წინააღმდეგ, ეს არის თქვენი საქმე, მე ამას არ უნდა ვამბობდე, ამას თქვენ უნდა ამბობდეთ, ხმალამოღებული უნდა იცავდეთ ყველას განურჩევლად. თქვენ ყველას განურჩევლად არ იცავთ იმიტომ, რომ გრცხვენიათ. ჩვენი არსებობის ნუ გრცხვენიათ. თქვენ გრცხვენიათ ჩვენი დაცვა. დეპუტატებზე, მათი ოჯახის წევრებზე საკუთრებების უფლებები დაირღვა, აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ თქვენ გრცხვენიათ ამაზე ლაპარაკი”, - მიმართა წულუკიანმა სახალხო დამცველს.
სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიში "ქართული ოცნების" ლიდერებმა დაიწუნეს - ივანიშვილის გუნდის წევრების უკმაყოფილება ანგარიშის იმ თავს ეხება, სადაც პირდაპირ წერია, რომ ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების უფლებები დაირღვა და ხაზგასმულია პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობა.
დღეს თეა წულუკიანის კრიტიკის ობიექტები გახდნენ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებიც.
რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? - მიმართა იოსელიანს "ქართული ოცნების" წევრმა.
თეა წულუკიანის შემდეგ, ომბუდსმენის მიერ მომზადებული ანგარიში გააკრიტიკა ნინო წილოსანმაც.
უკმაყოფილება ჩანაწერის იმ ნაწილმაც გამოიწვიამ, სადაც სახალხო დამცველი სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და საქმიანობაში ხელშეშლაზე მიუთითებს.