ჩვენი საკონსულოები შოპინგის თანაშემწეებად არიან გადაქცეულები - ზოდელავა

11.06.25 22:44
ჩვენი საკონსულოები შოპინგის თანაშემწეებად არიან გადაქცეულები - ზოდელავა

მილანში საკონსულოს ხელმეორედ "გახსნას", რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინფორმაციით, 2023 წლიდან ფუნქციონირებს, მურთაზ ზოდელავა "ცინიზმად" აფასებს. 

პოლიტიკოსის თქმით, უცხოეთში არსებულ საქართველოს საკონსულოებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პირადი მიზნებისთვის იყენებენ - "ჩვენი საკონსულოები შოპინგის თანაშემწეებად არიან გადაქცეულები". 

ცინიზმს შეხედეთ. სამი წლის წინ გახსნეს საკონსულო... ჩვენი საკონსულოები და საელჩოები გადაქცეულები არიან შოპინგის თანაშემწეებად და ეს გრძელდება წლებია. ეს ყველა ადამიანი არის შოპინგის, კომფორტის მაძიებელი ხალხი. ერთადერთი ფუნქცია არის, რომ იშოპინგონ. "ოცნების" ელიტა, რომელიც იქ ჩადის, Taxi Free-ის იბრუნებს 100 ათას ევროს. ეს ნიშნავს იმას, რომ ასი ათასი ევროს ტანსაცმელი იყიდა. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, სადაც შეიძლება ამდენი ფული არსებობდეს, თუ არ იპარავს და ძარცვავს". - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. 

მილანში საკონსულო, რომლის "გახსნის" ცერემონია გუშინ შედგა, 2023 წლიდან ფუნქციონირებს - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს და ირაკლი კობახიძეს ხალხის ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს. 

ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, გალობელთა გუნდის ჩაყვანით ესეიგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას? - დაწერა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები