ჯარიმა თუ პატიმრობა - Facebook პოსტების გამო საქალაქოში მოქალაქეების გასამართლება გრძელდება
"ფეისბუქ" სტატუსების გამო მოქალაქეების გასამართლება გრძელდება. დღეს სასამართლოს ვერდიქტს ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა მიშველაძე და გიორგი ტუმასიანი ელოდებიან.
გუშინდელმა პროცესებმა ცხადყო, რომ "ოცნების" გაკრიტიკებისთვის გასამართლებულებს ჯარიმებს აკისრებენ, თუმცა ბრალდებულები დღეს უფრო მკაცრ სასჯელსაც არ გამორიცხავენ.
აქტივისტი გიორგი ტუმასიანი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი აქტიური მოქალაქეების დაშინებას და ცენზურის დაწესებას ემსახურება. აქტივისტი ამბობს, რომ ამით ვერავის შეაშინებენ და ეს მეთოდი არ იმუშავებს.
მე მიჩივის მარიამ ლაშხი და კონკრეტულად მედავება იმას, რომ სიტყვებით „თანამედროვე ბოლშევიკი“ და „სამშობლოს მოღალატე“ მას შეურაცხყოფა მივაყენე, თუმცა ეს პოლიტიკური შეფასებაა და ამით, პრაქტიკულად, ცენზურის დაკანონება უნდათ საქართველოში. ეს მცდელობაა, შეაშინონ ყველაზე აქტიური ნაწილი ჩვენი საზოგადოების იმისთვის, რომ დანარჩენებმა სოციალურ მედიაშიც ცენზურა მოახდინონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იმუშავებს, არავის შეეშინება, - ამბობს გიორგი ტუმასიანი.
ტვ პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკია კი ფიქრობს, რომ სასამართლო, სხვების მსგავსად, მასაც დააჯარიმებს.
მოლოდინები არაფერი მაქვს. ალბათ ჯარიმით დასრულდება ეს ყველაფერი 18 ივნისს. სავარაუდოდ ასე იქნება, იმიტომ, რომ როგორც მივხვდი, ძალიან შეურაცხყოფილია მარიამ ლაშხი. მიზანი არის, რომ ჩვენ არ ვწეროთ, მაგრამ ფეისბუქზე თუ შევა მარიამ ლაშხი, ნახავს, რომ მარტო მისი ფოტოებია და მარტო მასზე წერენ. მეც შევწუხდი უკვე და მინდა, ხალხს ვთხოვო, შეწყვიტონ მარიამ ლაშხზე წერა. შეწყვიტეთ, ხალხო, საკმარისია უკვე, - ამბობს ვიკა ბუკია.
იურისტი ელენე ქაიხოსროშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნების" მსგავის ქმედებები საზოგადოებაში უკურეაქციას გამოიწვევს.
ძალიან კარგად იციან, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ უბრალოდ, უფრო ხშირად გაჟღერდება მათი სახელები და გვარები „მონის’ კონტექსტში. ჩემი აზრით, ეს გააკეთეს იმისთვის, რომ გადაეფარათ რაღაც სხვა საკითხები და ამ პროტესტის მთავარი იარაღი ნამდვილად არ არის მათი პირადი შეურაცხყოფა. ამის გერეშეც ძალიან დიდი სიმართლე და იარაღებია ჩენს ხელთ, - ამბობს ელენე ქაიხოსროშვილი.
"ოცნებამ" სიტყვებზე ნადირობის სეზონი გახსნა - ხალხს ფესიბუკ პოსტების გამო ასამართლებენ. მომჩივანები - მამუკა მდინარაძე, ნინო წილოსანი, მარიამ ლაშხი, ლაშა ტალახაძე, მოპასუხეები კი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან.