სალომე ზურაბიშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს და იმედია, მასაც არ დაიჭერენ - ნიკა გვარამია

13.06.25 12:07
სალომე ზურაბიშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს და იმედია, მასაც არ დაიჭერენ - ნიკა გვარამია

 

 

სალომე ზურაბიშვილის გუშინ დააჯარიმეს 5000 ლარით და იმედია, მასაც არ დაიჭერენ - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ გაგრძელდება მისი დაკავების შემდეგ კონსულტაციები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან. 

  • ნიკა გვარამიამ კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. როგორც ცნობილია, ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართება.

გვარამიამ ასევე უპასუხა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვას და თქვა, რომ "ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება ეს ადგილობრივი არჩევნები თუ ნებისმიერი სხვა, უნდა დავიცვათ სამშობლოს ინტერესი".

„ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება ეს ადგილობრივი არჩევნები თუ ნებისმიერი სხვა, უნდა დავიცვათ სამშობლოს ინტერესი. სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილი გუშინ 5 ათასი ლარით დააჯარიმეს. იმედია, რომ მასაც არ დაიჭერენ. თუმცა ამ რეჟიმისგან ყველაფერი მოსალოდნელია. რეალურად მინდა ჩემი პარტიის წევრებსაც მოვუწოდო: არაფერი განსაკუთრებული არ ხდება! მათ უნდა გააგრძელონ ლიდერების გარეშე ფუნქციონირება და დარწმუნებული ვარ, ისინი ამას შეძლებენ. კოალიციის ლიდერებიდან მხოლოდ ელენე ხოშტარიაა გარეთ და იმედი მაქვს, რომ ისიც შიგნით არ იქნება. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ერთხელ უკვე ვნახეთ პატიმრობასთან დაკავშირებით. იმავეს ველოდები. რეალური კომუნიკატორი იქნება ჩემი პარტიაც და ჩემი მეუღლე, სოფო, რომელიც აქამდეც იყო საკმაოდ ღრმად ჩართული ამ პროცესში. ნებისმიერ შემთხვევაში, ვისი მხარდაჭერაც არ უნდა იყოს, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენ, ქართველი ხალხი.

„ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა აუცილებლად მოუწევს. რაც უარესი, მით უკეთესი. „ქართული ოცნება“ რაც უარესად მოიქცევა, მით უფრო სწრაფად დაამთავრებს თავის ხელისუფლებას და ეს ჩვენი ყველას ინტერესშია.

სამწუხაროდ, ჩემი შვილები და მეუღლე ამას მიჩვეულები არიან. ეს არ არის კარგი, მაგრამ ფაქტია. მათ იციან, რომ მთელი ოჯახი ვიბრძვით სამშობლოს ინტერესებისთვის“,- განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს გუშინ 5000 ლარიანი ჯარიმის ქვითარი ჩაბარდა.  სალომე ზურაბიშვილს 3 მარტს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან.

მსგავსი სიახლეები