პოლიტიკურმა და სინდისის პატიმრებმა "ქართულ ოცნებას" 100-0 მოუგო - ელენე ხოშტარია
სირცხვილის ფურცლები აუცილებლად ჩაიწერება იმ ვითომ მოსამართლეების და რუსული ოცნების ისტორიაში - ასე ეხმაურება კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას.
ელენე ხოშტარია, რომელიც ამ წუთებში, ნიკა გავარმიასთან ერთად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფება, ამბობს, რომ "პოლიტიკურმა და სინდისის პატიმარებმა" "ქართულ ოცნებას" 100-0 მოუგო
ჩვენი ბრძოლისთვის ამ ბოროტმოქმედებასთან, რასაც ჩვენ ვუყურებთ, რაც არის რუსეთი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ღირსება, გამბედაობა და სიმართლე, რასაც თავისი მოქმედებით ადასტურებს ნიკა გვარამია, ნიკა მელიამ იგივე გააკეთა, ზურა ჯაფარიძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა. ყველა პოლიტიკურმა და სინდისის პატიმრებმა 100-0 მოუგო "ქართულ ოცნებას" და ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა აუციებალდ დასრულდება ქართული და ევროპული ძალების გამარჯვებით და სირცხვილის ფურცლები აუცილებლად ჩაიწერება იმ ვითომ მოსამართლეების და რუსული ოცნების ისტორიაში. რაც შეეხება კოალიციას, ჩვენ ვართ ძალიან სამუშაო განწყობაზე, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ლიდერები ბრძოლის ველზე არიან ციხეში ყოფნით, ამიტომ გავაგრძელებთ ასმაგად მუშაობას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.