"ძლიერი საქართველო": "ოცნების" უსამართლო და უკანონო ქმედებები ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს დააჩქარებს! - სოლიდარობა ნიკა გვარამიას!
"ძლიერი საქართველო" კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.
"ძლიერი საქართველო" ნიკა გვარამიას სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ "ქართული ოცნების" "უსამართლო და უკანონო ქმედებები ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს დააჩქარებს".
,,ქართული ოცნება" ყოველდღიურად ამძაფრებს ბრძოლას თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ. კიდევ უფრო ამძიმებს რეპრესიულ კანონმდებლობას, პატიმრობას უსჯის სამოქალაქო აქტივისტებს, აპატიმრებს პოლიტიკურ ლიდერებს, ემუქრება მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, უკიდურესად ზღუდავს აზრის თავისუფალ გავრცელებას და ჰგონია, რომ ასე შეინარჩუნებს მითვისებულ ძალაუფლებას. ეს ილუზია ივანიშვილის რუსულ რეჟიმს მალე დაემსხვრევა.
სოლიდარობა ნიკა გვარამიას! თავისუფლება ყველა ძველ და ახალ პოლიტიკურ პატიმარს!" - წერია განცხადებაში.
სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. ის რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან თვისი ფეხით მივიდა.
თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, რომელსაც ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გირაო არ გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის არ გადახდის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა. ყველა მათგანი რუსთავის ციხეშია შესახლებული.