გეგმავენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - რას ამბობს ოპოზიცია

15.06.25 17:39
გეგმავენ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - რას ამბობს ოპოზიცია

გეგმავენ თუ არა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - ეს კითხვა "პირველებმა" იმ პროდასავლურ ოპოზიციას დაუსვა, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის არეალში მოხვდა.

"ოცნების" ოპონენტებში აზრები იყოფა. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებას საკითხზე მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ აქვს. მისი თქმით, პოლიტიკური ძალების ერთიანობის მოთხოვნა არის, თუმცა არ არსებობს შეთავაზება, როგორ და ფორმით უნდა მოხდეს ეს. 

საზოგადოებას არ აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია, იმიტომ, რომ, მაგალითად, ქვეყნის მასშტაბით უმრავლესობას მიაჩნია, რომ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურმა პარტიებმა, თუმცა, მაგალითად, დედაქალაქში უფრო გაყოფილია აზრი ამაზე. ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი მოთხოვნა ერთიანობის პოლიტიკური ძალების რეჟიმთან დაპირისპირებაში, მაგრამ რა მექანიკით უნდა განხორციელდეს ეს ერთიანობა, რა შეთავაზება უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა კლასმა საზოგადოებისთვის და როგორი მოდელით, აქ ვხედავთ, რომ საზოგადოებას არ აქვს რაიმე მკვეთრად გამოხატული შეხედულება, რაც არის ბუნებრივი, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

გახარიას გუნდის წევრი, კახაბერ ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა ოპოზიციური ელექტორატის აბსოლუტური მობილიზება. მისი თქმით, ამის გარეშე არჩევნებში გამარჯვება ურთულესი იქნება. 

ოპოზიციური ელექტორატის აბსოლუტური მობილიზება თუ არ მოხდა, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" ისედაც გააყალბებს ანუ დააორგანიზებს ყველა იმ არალეგალურ ელემენტებს, რომლებსაც მანამდე იყენებდა და ა.შ., ამ ცენტრალიზებული მობილიზების გარეშე, ზოგადად, არჩევნები ძალიან რთული იქნება. რაცარ უნდა კარგ ფორმაში იყო, საბოლოო ჯამში. შესაბამისად, ამოცანა არის, რომ ჩვენ სუბიექტურად, როგორც ერთი პოლიტიკური გაერთიანება ვიყოთ ფორმაში და დავაკვირდეთ პროცესების განვითარებას, - ამბობს კახაბერ ქემოკლიძე.

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება კატეგორიულად მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობისთვის". გიორგი ბოტკოველი პირდაპირ ამბობს, რომ ეს "ოცნების" ლეგიტიმაცია იქნება.  

საერთოდ, ამაზე საუბარიც არ შეიძლება. ერთადერთ რამეზე უნდა ვისაუბრიოთ: როგორ ვნახოთ ერთმანეთში ის კონსოლიდაციის უნარი, რომ ჩვენ ერთობლივად გავაკეთოთ ის, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ შედგეს. ეს არის, ფაქტიბრივად, ამ ადამიანების წინაშე დანაშაული, პირველ რიგში, რომ ვინმემ უბიძგოს მაინც ის, რომ ა, თქვენ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ლეგიტიმაცია ივანიშვილის ხელისუფლების. სწორედ ეს უნდა, - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

ამავე აზრს იზიარებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე. მისი თქმით, დაუშვებელია იმ მსხვერპლის გაუფასურება, რომელიც პოლიტიკოსებმა "ოცნებასთან" ბრძოლაში გაიღეს. 

ის კვლევა, რაც გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სწორია კოალიცია "ცვლილებისთვის" გადადგმული ნაბიჯები, რომ არ ვეთანამშრომლოთ რეჟიმს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავებათ "ქართული ოცნების" ხაფანგში და მსხვერპლი, რომელიც გაიღეს პოლიტიკურმა ლიდერებმა, ჩაითვალოს უაზრო მსხვერპლად, ხოლო თანამშრომლობა რეჟიმთან ჩაითვალოს გმირობად. ქართული საზოგადოების საპროტესტო ნაწილის აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ კრიმინალურ არჩევნებში მონაწილეობა ეს აის სიყალბე და კიდევ უფრო დიდ უნდობლობასდა ნიჰილიზმს გააჩენს საზოგადოებაში, - ამბობს თენგო თევზაძე. 

თბილისში "ქართული ოცნების" რეიტინგი, 24,6%. ამ მონაცემებს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი(ISSA) დღეს 15 ივნისს აქვეყნებს. კითხვაზე 
ამ შაბათს რომ ადგილობრივი არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ, შედეგები ასე გადანაწილდა: (ალოკაცია) 

ქართული ოცნება - 24,6%

კოალიცია "ცვლილებებისთვის" - 20,6%, 

"გახარია საქართველოსთვის" - 17,2%, 

"ძლიერი საქართველო" "ლელო - ხალისთვის" "მოქალაქეები" - 14,2% , 

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა"  - 13,9%

"გირჩი" - 3,7 %

სხვა პარტიები  - 5,8% 

საზოგადოებრივი აზრის კვლევაში 2000 რესპოდენტი მონაწილეობდა. შედგა პირისპირ ინტერვიუ. კვლევის საველე სამუშაოები განხორციელდა
2025 წლის 5-20 მაისის შუალედში. კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და ანალიზისინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით.

მსგავსი სიახლეები