ოლიგარქს სურს მამუკა ხაზარაძე საპყრობილეში ჰყავდეს დატყვევებული - თაზო დათუნაშვილი
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი მამუკა ხაზარაძის თეა წულუკიანის კომისიაზე ხელმეორედ დაბარებას "პოლიტიკურ დევნად" აფასებს.
დათუნაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ლიდერებს "განეიტრალება" და კონკრეტულად "მამუკა ხაზარაძის საპყრობილეში დატყვევება სურს".
ასეთი ქმედებები ჩვენზე ვერ იმოქმედებს - აცხადებს დათუნაშვილი.
ივანიშვილის ბოლო ბოროტი კლოუნების საცირკო სეზონი გრძელდება და ტყუილა არ გაუგრძელებიათ, როგორც ჩანს. პოლიტიკური დევნა ერთადერთი მიზანია ამ ზიზღის კოლიზეუმის, რომელსაც სათავეში უდგას თეა წულუკიანი. პოლიტიკური დევნა გრძელდება კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის და ჩვენი პოლიტიკური ძალის. მიზანი მემგონი ნათელია, აქ არის ლაპარაკი უკვე ღიად გაცხადებულ სურვილზე, რომ ჩვენი პარტია აღარ არსებობდეს, მამუკა ხაზარაძე საპყრობილეში ჰყავდეს დატყვევებული ოლიგარქს. ბრძლა გრზელდება, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ორმაგი შემართებით, ასეთი ქმედებები ჩვენზე ვერ იმოქმედებს ზოგადად ემოციურად. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე პოლიტიკურ დაპირისპირებაში რუსეთის, პუტინის რეჟიმთან".- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდრი, მამუკა ხაზარაძე ხელმეორედ დაიბარეს.
ინფორმაციას და თეა წულუკიანის ხელმოწერილ დოკუმენტს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ კომისიაზე მისვლას არც ამჯერად აპირებს. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მისი დაპატიმრება უნდა.
დოკუმენტის თანახმად, ხაზარაძე კომისიის სხდომაზე 30 ივნისს, 10:30 საათზე, „2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ“ ახსნა -განმარტების მისაცემადაა დაბარებული.