პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, ის არ იყო [ჩორჩანას საგუშაგოზე] საქმის კურსში - კობახიძე

18.06.25 12:53
პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, ის არ იყო [ჩორჩანას საგუშაგოზე] საქმის კურსში - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნაზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქმის კურსში არავინ ჩააყენა.

"ქართული ოცნების" პრემიერი კამერების წინ ამბობს, რომ ეს ნიშნავს, რომ გახარია "რაღაც უცნაურს" აკეთებდა.

პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, ის არ იყო [ჩორჩანას საგუშაგოზე] საქმის კურსში - უთხრა კობახიძემ მედიას. 

აღსანიშნავია, რომ მამუკა ბახტაძე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არ დაუბარებიათ. 

"თავის დროზე, არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიამ, რომელიც მაშინ იყო შს მინისტრი არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში მის მიერ დაგეგმილ ქმედებებთან დაკავშირებით. მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო და რა შუაშია? საქმის კურსში არ ჩააყენა არც სუს-ის უფროსი, არც პრემიერ-მინისტრი, არც სხვა ძალოვანი სტრუქტურები და ჩააყენა მარტო ინფრასტრუქტურის მინისტრი. პირადად მამუკა ბახტაძისგან ვიცი, რომ ის არ იყო საქმის კურსში"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კითხვაზე თუ რატომ გახდა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იყო ზარი Deep State-დან და ამას მოჰყვა მისი გაპრემიერება. 

იყო ზარი Deep state-დან და ამას მოჰყვა მისი [გიორგი გახარიას] გაპრემიერება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაგრძელდა და დასრულდა ისე, როგორც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული კომპრომისული ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო Deep state-თან, თუმცა ხედავთ, რომ დღეს, არავითარ ასეთ კომპრომისებს აღარ ვუშვებთ.

საერთოდ არავინ არ ჩააყენა საქმის კურსში. ეს თავისთავად აჩენს ეჭვებს. თუ რაღაც ისეთი, პრობლემური არ ხდებოდა, რატომ არ ჩააყენა არავინ საქმის კურსში, არც პრემიერ-მინისტრი, არც სუს-ის უფროსი, არც დაზვერვის ხელმძღვანელი, არც სხვა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი. არცერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი, არც ევროკავშირის მონიტორინგის მისია არ იყო ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც უცნაურს აკეთებდა, რბილად რომ ვთქვათ, ბატონი გიორგი გახარია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა, რომელიც შეიძლება გამოვიტანოთ ამ ყველაფრიდან. რეალურად, ჩორჩანაში რაც მოხდა, ეს იყო იმის მინი მოდელი, რაც მანამდე მოხდა 2008 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. თქვენ იცით, რა შედეგები მოჰყვა ამას ჩვენი ქვეყნისთვის. გადაიდგა არასწორი ნაბიჯი, რასაც მოჰყვა მილიონი კვადრატული მეტრი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამატებითი ოკუპაცია. ეს არის განსახილველი",- თქვა კობახიძემ.

ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე დაუსვეს. 

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.

 „ყველამ ყველაფერი იცოდა, დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო," - თქვა "ქართული ოცნების" საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში. 

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა, ვახტან გომელაური, ალეკო ტაბატაძე, კახი კახიშვილი, ალექსანდრე ლომიძე და მაია ცქიტიშვილი. 

მსგავსი სიახლეები