საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ! - ეკა გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ "ივანიშვილს მათი დაცვის ქვეს მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიან". ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო ბრიფინგე ისაუბრა. საქმე ეხება ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ამოქმედებას, რომლის ფარგლებშიც რაჟდენ კუპრაშვილი უფლებადამცველებისგან მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას ითხოვს.
გიგაური პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" მიზანია, ადამიანები დაუცველები დატოვოს.
საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ!,- თქვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას საქართველოში. ივანიშვილის მიზანია, რომ ჩვენ ყველა გვაცხოვროს რუსული კანონებით. ეს არ მოხდება!
საინტერესო არის ის, რომ ივანიშვილმა, ამ ჯერზე, სამიზნეში ამოიღო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი 5 ქალი. ივანიშვილი ებრძვის აქტიურ ქალებს ამ ქვეყანაში, რომლებიც იცავენ საქართველოს ინტერესებს და იცავენ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს. ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ივანიშვილს არ მივაწვდით. ივანიშვილის მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანები დაუცველები დარჩნენ უსამართლობის პირისპირ, მარტო, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, - განაცხადა გიგაურმა.