NGO-ები: ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურო ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციის გადაცემას ითხოვს, არ გავცემთ!
ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო - განცხადება ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გააკეთეს.
NGO-ები ამბობენ, რომ კუპრაშვილი უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის გადაცემას.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად ამბობენ, რომ პერსონალური მონაცემების გაცემასარ აპირებენ, „თუნდაც ამას მათი დაპატიმრება მოჰყვეს“.
ირკვევა რომ, ანტიკორუფციული ბიურო 5 არასამთავრობო ორგანიზაციისგან მოითხოვს ინფორმაციის გაცემას.
17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების - წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.
ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს.
ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია: ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი – პუტინისა და ლუკაშენკას რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად“, - აცხადებენ NGO-ები.
ირკვევა ისიც, რომ კუპრაშვილის უწყება მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს 3 კანონის საფუძველზე ითხოვს: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და „გრანტების შესახებ“.'