არ ვაპირებთ, რუსულ კანონებს დავემორჩილოთ მიუხედავად იმისა, რა შეიძლება ამ გზაზე გვემუქრებოდეს - ნინო ევგენიძე
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ არ აპირებს, რუსულ კანონს დაემორჩილოს. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგები ბრიფინგზე ისაუბრა.
ევგენიძის თქმით, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებს მიუხედავად იმისა, რა შეიძლება, ამ გზაზე დაემუქროს.
ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. არ ვაპირებთ, რომ რუსულ კანონებს დავემორჩილოთ, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ამ ქვეყნის თავისუფლება სწორედ ჩვენი თაობის დასაცავია. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება ამ გზაზე გვემუქრებოდეს, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.
მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს არ აპირებენ, თუნდაც ამას ორგანიზაციების დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: "საფარი", "ღია საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "მომავლის აკადემია", " ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.