"სამოქალაქო სექტორის განადგურების გეგმაა" - თამაზ დათუნაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ამოქმედებაზე

18.06.25 16:03
"სამოქალაქო სექტორის განადგურების გეგმაა" - თამაზ დათუნაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ამოქმედებაზე

სამოქალაქო სექტორის განადგურების გეგმა, - ასე აფასებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი "ოცნების" მიერ ე.წ. აგენტების კანონის ამოქმედებას. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის გუდის მიზანია, ადამიანების შესახებ სენსიტიური ინფორმაცია მოაგროვონ, რატა შემდეგ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. 

ეს არის ღია ცის ქვეშ ერთი დიდი ციხედ ქცევის გეგმა, - ამბობს დათუნაშვილი. 

ეს არის, ერთის მხრივ, სამოქალაქო სექტორის განადგურების გეგმა და მეორეს მხრივ, ეს არის ტოტალური კონტროლის დაწესება განსხვავებული აზრის და საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ეს მიზანი ამოტივტივდა ზედაპირზე და ჩვენ დავინახეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ბენეფიციარები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, ყველა ამ ადამიანის შესახებ სენსიტიური ინფორმაციის მოგროვება. ეს არის ერთი დიდი ღია ცის ქვეშ ციხედ ქცევის გეგმა, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს არ აპირებენ, თუნდაც ამას ორგანიზაციების დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.

ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: "საფარი", "ღია საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "მომავლის აკადემია", " ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.