კუპრაშვილი არ ამბობს, მოითხოვს თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას იმ NGO-ების წინააღმდეგ, რომლებიც პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ

18.06.25 17:30
კუპრაშვილი არ ამბობს, მოითხოვს თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას იმ NGO-ების წინააღმდეგ, რომლებიც პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი არ პასუხობს "პირველების" კითხვას, მოითხოვს თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას იმ NGO-ების ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რომლებიც ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ.

კუპრაშვილმა თქვა მხოლოდ ის, რომ არასამთავრობოები, ვინც დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს, მათ წინააღმდეგ საპროცესო მოქმედებები დაიწყება. 

როცა ჩვენ ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე, აქ არც უნდა განიხილებოდეს სასამართლო გადაწყვეტილებების არაღსრულება. ეს არის სამართლებრივი პროცესი, სადაც ბიურო, თავისი მანდატის ფარგლებში, შეისწავლის ყველა იმ ფაქტობრივ გარემობას, რაც მიგვიყვანს ობიექტურ ჭეშმარიტებამდე. შესაბამისად, ჩვენ სრულიად ღია პროცესით წარვმართავთ ამ სამართლებრივ პროცესს და შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდეც მივალთ. საპროცესო კოდექსი გვაძლევს ჩვენ საშუალებას, განვახორციელოთ სხვა ქმედითი მოქმედებები სამართლებრივი, რომელიც ჩვენ გამოგვარკვევინებს სამართლებრივ მდგომარეობას იმ ქეისებისას, რაზედაც ჩვენ დავიწყეთ წარმოებები, - თქვა კუპრაშვილმა "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

ჟურნალისტის მიერ კითხვის დაკონკრეტებისას, რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, რომ გადაწყვეტილების არაღასრულების შემთხვევაში, კანონის ფარგლებში იმოქმედებს. 

თუ დავდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს, რომ კანონი არ აღასრულოს, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. რაც შეეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს ჩვენი მანდატი არ არის გამოვიძიოთ საქმეები სისხლის სამართლის მიმართულებით", - თქვა კუპრაშვილმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს არ აპირებენ, თუნდაც ამას ორგანიზაციების დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს.

ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: "საფარი", "ღია საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "მომავლის აკადემია", " ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.