ISFED: ეუთო/ოდირის ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს - ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა

18.06.25 20:10
ISFED: ეუთო/ოდირის ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს - ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა

მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის ძირითადი ყურადღება საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებზე კონცენტრირდება, მათი აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს, - ასე ეხმაურება "სამართლიანი არჩევნები" ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. 

  • "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას არ გეგმავს. ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს".

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" წერს, რომ ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ აპირებს. აღნიშნულის მიზეზად ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკის არარსებობა დაასახელა, ხოლო 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა გამონაკლისად წარმოაჩინა.  

ცნობისათვის, ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა. საქართველოს გარდა, 1997 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ეუთო/ოდირმა სადამკვირვებლო მისია სხვა 13 ქვეყანაში გამართულ 34 ისეთ ადგილობრივ არჩევნებზეც მიავლინა, რომელიც არ ემთხვეოდა სხვა ტიპის კენჭისყრას. ამასთან, არაერთ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები მონიტორინგის საგანს წარმოადგენდა საერთო არჩევნების ფარგლებში ან სხვა ტიპის ეროვნულ კენჭისყრასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ყურადღება საპარლამენტო ან/და საპრეზიდენტო არჩევნებზე კონცენტრირდება, ევროპის იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც დემოკრატიის კონსოლიდაცია ჯერ არ მომხდარა, ეუთო/ოდირის აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს." - წერია განცხადებაში.