ქევხიშვილი: მიქაუტაძე მარტო ვერ იმოქმედებდა, გამოძიება მისი ყველა უფროსით, მათ შორის ლევან დავითაშვილით უნდა დაინტერესდეს
"საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოში" რომეო მიქაუტაძისთვის ხელბორკილების დადებას "შიდა კლანური დაპირისპირების ერთ-ერთ შედეგად" აფასებენ - TI-ის წარმომადგენელი, სანდრო ქევხიშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებდა, სწორედ ამიტომ, ქევხიშვილის განმარტებით, სხვა პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთაც არის საჭირო.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვინ უნდა იყოს პირველი პირი, რომლითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს, სანდრო ქევხიშვილი პასუხობს - "შეიძლება ეს იყოს ლევან დავითაშვილიც და ასევე სხვები, აქ უკვე საკმაოდ დიდ სიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ".
გამოძიება შეიძლება შეფასდეს როგორც "ქართული ოცნების" შიდა კლანური დაპირისპირების ერთ-ერთი შედეგი. ჩვენ ამას არ ვაფასებთ როგორც რაღაც გადაწყვეტილებად, რომ კორუფციას რამენაირად ებრძოლონ. როგორც ვხვდებით, ახლა არის გადალაგება "ოცნებაში". რეალურად, ჩვენ მიერ გენერირებულ გამოძიებებს იყენებენ კომპრომატებად ერთმანეთის წინააღმდეგ. ესეც საინტერესოა და "ქართულ ოცნებაში" სხვებისთვისაც დამაფიქრებელი უნდა იყოს. ეს ადამიანი მარტო ვერ იმოქმედებდა. ის იყო მაღალ თანამდებობაზე, თუმცა მის ზემოთ იყვნენ კიდევ. რამდენიმე უწყებაში მუშაობდა. წესით და რიგით გამოძიება უნდა დაინტერესდეს მისი ყველა უფროსით." - განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა - რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.