სააკაშვილი მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში - "ოცნების" უარი უკრაინის პრეზიდენტს
სააკაშვილი მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში - ასე პასუხობენ უკრაინის პრეზიდენტს "ქართულ ოცნებაში".
მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და ის მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში, - განაცხადა ჟუნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილს უკრაინას არ გადასცემენ და ამის მოთხოვნის არც რაიმე მექანიზმი არსებობს.
პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, თავის მოქალაქეებზე ზრუნავს და აქედან გამომდინარე ეს მისი ვალდებულებაც არის, რომ იზრუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული. მთელი პარადოქსიც ამ სიტუაციის ის არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქე არის და მერე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის მსჯავრს. ეს არის მთელი პარადოქსი. რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, არსებობს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა, მაგრამ რაიმე ბერკეტი მოთხოვნის არ არსებობს"- განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. მისი თქმით, საქმეში ყველა ინსტიტუცია ჩაერთვება, მათ შორის, საკითხის მოგვარება მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე მოხდება.