არ აღიარებენ ამ პარლამენტს და ყველა წავა ციხეში -კობახიძე აღიარებას ითხოვს
"არ აღიარებენ პარლამენტს და ყველა წავა ციხეში" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ვინც არ მიდიან თეა წულუკიანის კომისიაზე, "არ აღიარებენ ამ პარლამენტს".
კობახიძის თქმით, როდესაც საგამოძიებო კომისიას და მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა არის ვალდებული, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.
მე ვერავის ვერ დავიჭერ, ასეთი საკითხები წყდება სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ. რაც შეეხება ჯაფარიძეს, მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია არ მქონდა აქამდე, როდესაც ადამიანი სჩადის კანონდარღვევას, მითუმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, რეაგირება იქნება...
რა შუაშია წულუკიანის კითხვები, აქ თეა წულუკიანზე კი არ არის საუბარი, აქ არის საუბარი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეზე, როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა არის ვალდებული, პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.
არ აღიარებენ [ამ პარლამენტს] და წავლენ ციხეში. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“. მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ, პოლიტიკურად რა ბედი ეწევა. როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ გაიძულებენ კანონის, კონსტიტუციის დარღვევას. შეიძლება ამის გამო მოხვდე ციხეში" - თქვა კობახიძემ.
ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
გადაწყვეტილება მან ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.
ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.