ბრძოლა იქნება ბოლომდე- “ძლიერ საქართველოში“ პირველი კომენტარები კეთდება

23.06.25 15:37
 ბრძოლა იქნება ბოლომდე- “ძლიერ საქართველოში“ პირველი კომენტარები კეთდება

მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს- კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, “ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.“

გრიგოლ გეგელიას თქმით, ეს ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, “სანამ ივანიშვილის ყველაზე ბოროტმოქმედი, სამარცხვინო, შავი ლაქა, ყველაზე ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ფენომენი ამ ქვეყნის ისტორიაში არ დამთავრდება“.

ჩვენ ვართ მხნედ, ვაგრძელებთ ბრძოლას, ეს იქნება ბრძოლა ბოლომდე მანამ, სანამ ივანიშვილის ყველაზე ბოროტმოქმედი, სამარცხვინო, შავი ლაქა, ყველაზე ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ფენომენი ამ ქვეყნის ისტორიაში არ დამთავრდება. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, კიდევ უფრო ძლიერად, შეუპოვრად, მეტი ენერგიით იმისთვის, რომ ეს ბოროტმოქმედი, ნაძირალა, სახელად ბიძინა ივანიშვილი დამთავრდეს და გაიმარჯვოს ქართველი ხალხის სუვერენულმა, ერთიანმა, ძლიერმა სახელწმიფომ, ეს არის მამუკას სურვუილი, ბადრის სურვილი, პოლიტიკური პარტიის განწყობა, ბრძოლა იქნება ბოლომდე, განურჩევლად იმისა, რამდენ ადამიანს დაიჭერენ ამ გუნდიდან, -განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

“ვერანაირდ, ვერასდროს, ბიძინა იავნიშვილი და მისი დამნაშავეების ბანდა, ჩვენს ბრძოლას და მის წინააღმდეგობას ვერ გააჩერებენ“-აცხადებს ირაკლი კუპრაძე  და ამბობს, რომ “ბრძოლა გაგრძელდება ყველა ფლანგზე, რაც კი არსებობს.“

ერთადერთ რამეში ვართ დარწმუნებულები, ჩვენ ვართ მართალ ბრძოლაში, ამ ქვეყნისთვის, ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებისთვის, ვიცით ვისი და რისი ეშინიათ, ეს არის ოპოზიცია, ოპოზიციური ერთობა და ბრძოლა გაგრძელდება ყველა ფლანგზე, რაც კი არსებობს. არ ვაპირებთ, არცერთ მომენტში შევამსუბუქოთ წინააღმდეგობა, უფრო მეტი ძალისხმევით, რესურსით და ბრაზით, ივანიშვილს დავამარცხებთ და ის ჩამოიშლება, როგოც ჩამოშლილა მრავალი მისი სურვილი და დანაშაულებრივი ზრახვა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, -ამბობს კურაძე.

ასევე ბრძოლის გაგრძელებაზე საუბრობს პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, საბა ბუაძე. პოლიტიკოსის თქმით, მიმდინარე პროცესებს მათი გუნდი მშვიდად ხვდება და “თუ ვინ არის სამარცხვინო მდგომარეობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებამ კარგად გამოაჩინა.“

ჩვენი ლიდერები ამ პროცესს ხვდებიან მშვიდად, ისევე, როგორც მთელი გუნდი. ვის არ აქვს სიმშვიდე და ვინ არის სამარცხვინო და ბეჩავ მდგომარეობაში, მე მგონი, სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებებმა ძალიან კარგად აჩვენა. რადგან შეუძლებელია, შენ საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, გეგონოს რომ გაქვს ძალაუფლება, ხალხის მხარდაჭერა და პოლიტიკურ ოპონენტებს ასეთი ფორმით უსწორდებოდე, ჩვენ ეს პროცესი ვერაფერს დაგვაკლებს, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, პირიქით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს და ადასტურებს, რომ ჩვენი ბრძოლა არის მართალი ბრძოლა და აუცილებლად, სიმართლე და თავისუფლება ამ ქვეყანაში გაიმარჯვებს, - განაცხდა საბა ბუაძემ.

მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერი არ დასწრებია, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.

მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.

დღეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.

მსგავსი სიახლეები