ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ და უკან ვერ დაგვახევინებენ-სოფო ჯაფარიძე
მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, კოალიციის ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები მიდიან.
ისინი მხარდაჭერას და სოლიდარობას გამოხატავენ იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც უკვე პატიმრობაში არიან, ან ახლა ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ადამიანები ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯებიან და კიდევ იმისთვის, რომ “ქვეყანას რუსეთს არ უთმობენ“.
ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ “ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, მათ ვერ შეაშინებენ, ვერ გატეხენ, უკან ვერ დაახევინებენ და ერთიანობით და სულისკვეთებით საბოლოოდ გარდაუვალ გამარჯვებამდე მივლენ“.
ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ზურა ჯაფარიძეს და ყველას, მადლობა მათ პირველ რიგში, პასუხისმგებლობისთვის, პრინციპულობისთვის, გამბედაობისთვის და იმისთვის, რომ დღეს ისინი რეალურად ქვეყნის სიყვარულისთვის ისჯებიან და იმისთვის, რომ არ უთმობენ ჩვენ ქვეყანას რუსეთს. დიახ, ასეთი ქევყანა სურს ივანიშვილს, სადაც თავისუფალი აზრი და სიტყვა ტყვეობაშია, მაგრა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ვერასდროს ვერაფრით ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ და უკან ვერ დაგვახევინებენ, დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია მისი. დიახ, ასეთი ლიდერები ჰყავს ოპოზიციას და აუცილებლად, ჩვენი ერთიანობით და სულისკვეთებით მივალთ საბოლოოდ გარდაუვალ გამარჯვებამდე,-განაცხადა ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას "ლელო -ძლიერი საქართველოს" ლიდერი არ დასწრებია, ის მხოლოდ ადვოკატმა, პროკურორებმა და ჟურნალისტებმა მოისმინეს.
მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
დღეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.