ივანიშვილი იჭერს მათ შორის იმათ, ვინც უბრალოდ, გაღორდა და დასაშვებზე ბევრად მეტი მოიპარა - გიორგი კირთაძე
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ივანიშვილი თანაგუნდელებს იმას აკეთებინებს, რისი გაკეთებაც კანონით არ შეიძლება, შემდეგ კი ამ ადამიანებს საკუთარი დამოკიდებულებისამებრ სჯის.
პოლიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ "ოცნებაში" ვინმემ იმაზე მეტი მოიპარა, ვიდრე დასაშვებად მიიჩნევდნენ.
ამ ხალხს აკეთებინებს იმას, რაც არ შეიძლება, კანონით რომ გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ამის უკან ხშირად კორუფციული გარიგებებიც დგას და ასეც არის. ჩემი აზრით, იჭერს იმ ადამიანებს, რომლების მიმართაც პირადი დამოკიდებულებები აქვს, ვიღაცის დასჯა უნდა და მხოლოდ ამისთვის უნდა ეს ამბავი. არც ისაა გამორიცხული, ვიღაცა, უბრალოდ, გაღორდა და დასაშვებზე ბევრად მეტი მოიპარა, - ამბობს გიორგი კირთაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სუსის შეფმა ლილუაშვილის დაკითხვაზე დაბარება დააანონსა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ისეთი მასშტაბის დანაშაული, როგორიც რომეო მიქაუტაძის ქეისია, სუსს არ უნდა გამოჰპარვოდა.
ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირბაზე საუბრობს.
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თქმით, "დასანქცირებულ ივანიშვილს კობახიძემ მოპარული 1 მილიარდის მტკიცებულებები აუტანა და ხელი ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, რიჟვაძეს, ფარცხალაძეს და გომელაურს დაადო... ბიძინას საყვარელი დეიდაშვილი "გაქცეულია" და ეშინია“.