EU-ში გაწევრიანების გზაზე უნდა შესრულდეს პირობები, ასე რომ, ბურთი ახლა "ოცნების" მოედანზეა - მაიკლ გეორგ ლინკი
EU-ში გაწევრიანების გზაზე უნდა შესრულდეს პირობები, ასე რომ, ბურთი ახლა "ოცნების" მოედანზეა - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ალდეს” წევრმა პოლიტიკოსმა, მაიკლ გეორგ ლინკიმ "პირველებთან" განაცხადა.
ჰელსინკიში საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ოცნებასთან" დასავლეთ სერიოზული შენიშვნები აქვთ, როგორც სამართლის უზენაესობის მდგომარეობაზე, ისე სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემაზე, პრესის თავისუფლებასა და საარჩევნო გარემოზე.
მაიკლ გეორგ ლინკი აცხადებს, რომ გამადიდებული შუშით დააკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ამ რეზოლუციით ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა შემდეგი: ჩვენ, როგორც ევროპელი ლიბერალები, ვხედავთ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ფართოდ გახსნილია. თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავივლით ამ გზას საქართველოს ნაცვლად — ჩვენ შეგვიძლია კარი ღიად დავტოვოთ, მაგრამ თავად საქართველოს, განსაკუთრებით კი მის ხელისუფლებას, მოუწევს ამ გზის გავლა.
საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მომავალში სურს ევროკავშირის წევრობა — დიახ, ჩვენ ამას ვისმენთ, ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მაგრამ ამასთანავე უნდა ვთქვათ, რომ არსებობს მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ამ პირობებთან დაკავშირებით კი გვაქვს სერიოზული შენიშვნები — სამართლის უზენაესობის მდგომარეობაზე საქართველოში, სამოქალაქო თავისუფლებების პატივისცემაზე, პრესის თავისუფლებაზე, საარჩევნო გარემოზე და სხვა საკითხებზე.
აუცილებელია, რომ გარკვეულ ქმედებებს მოჰყვეს შესაბამისი შედეგები.
ასე რომ, ბურთი ახლა საქართველოს მთავრობის მოედანზეა", - აცხადებს ევროპელი პოლიტიკოსი.
“დემოკრატია ალყაში - საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!” - ამ სახელწოდებით ALDE პარტიის საბჭომ ჰელსინკიში სრული მხარდაჭერით რეზოლუცია მიიღო.
ევროპის 70 პოლიტიკური პარტია ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
საქართველოს მომავალი, ჩემი აზრით, არ არის აზიაში, არც მხოლოდ უშუალო მეზობლებთან მოკავშირეობაში უნდა იპოვოს ადგილი. პირიქით – კულტურულადაც და პოლიტიკურადაც, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ევროპული კულტურისა და ღირებულებების მატარებელი ხალხი.
ამიტომაც, საქართველოს მთავრობამაც უნდა აირჩიოს ეს გზა – და შეასრულოს ის პირობები, რაც ამ არჩევანს ახლავს.