"ოცნება" დიდი ბრიტანეთის გზავნილებს დამატებითი ბრალდებებით პასუხობს

01.07.25 11:47
"ოცნება" დიდი ბრიტანეთის გზავნილებს დამატებითი ბრალდებებით პასუხობს

"ოცნება" დიდი ბრიტანეთის გზავნილებს დამატებითი ბრალდებებით პასუხობს - მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მწვავედ გააკრიტიკა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია, კახა კალაძემ დღეს ბრიტანეთს კვლავ მოუწოდა გამოაქვეყნონ, რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში.

კალაძემ ისაუბრა რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობებზე და ამ კონტექსტში ახსენა გარედან შემოსული დაფინანსება. 

ჩვენ არავის არ ვერჩით. როგორ შეიძლება საქართველო ებრძოდეს ან ბრიტანეთს, ან ევროპას ან აშშ-ს. ეს ხომ ნონსენსი, წარმოუდგენელია. პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება, თუნდაც ბრიტანეთიდან, თუნდაც ევროკავშირიდან. ბრიტანეთი რას აკეთებს - არ წარმოუდგენია დღემდე, მოუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილმა, აბსოლუტურად ღიად თქვა, დასამალი რა არის, გამოაქვეყნონ რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ ბოლო წლების განმავლობაში. შენ თუ კეთილსინდისიერი ხარ, რა პრობლემაა, რომ წარადგინო ეს ყველაფერი, გასაჯაროო და აჩვენო ყველას, ვის აფინანსებდი. მაგრამ პრობლემა იცით რა არის, ის, რაც ქვეყანაში ბოლო წლების ხდებოდა, რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, საზოგადოების გახლეჩვა, დაპირისპირება, რა თქმა უნდა,  ყველაფერი ფინანსდებოდა გარედან", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება "პირველების" კითხვას, ელოდება თუ არა "ოცნებას" სანქციებს, როგორც ეს ბრიტანეთმა გავრცელებულ განცხადებაში დაანონსა, კალაძე ამბობს: "დაძველდა ეს სანქციები, ვერავის ვერ აშინებენ ამ სანქციებით". 

საქართველოში ბრიტანეთის "პოლიტიკურ მიზნებზე" საუბრობს "ოცნების" კიდევ ერთი წევრი, გია ვოლსკიც და ამ კონტექსტში საქართველოს "ომში ჩართვას" ახსენებს.

საქმე გვაქვს გარკვეულ პოლიტიკურ მიკერძოებასთან ან პოლიტიკურ მიზანთან, რომელიც სამწუხაროდ, მათ შორის ბრიტანეთის გარკვეული მმართველობის სისტემასაც გააჩნია. მიმართულება რუსეთის აგრესიის შეიცვალოს, სამხრეთ კავკასიისკენ წამოვიდეს, გლობალური, დიდი თემაა. [ ]ომში ჩართვა რასაკვირველია ... როდესაც თვითონ ფაქტები მოქმედება, განცხადებები, თუნდაც ელჩის მოვალეობის შემსრულებლის დაბარება, კანონის აღსრულებისათვის კვლავ მიმდინარეობს, რასაკვირველია, ამ ეჭვებს თავისი საფუძველი გააჩნია. 

  • ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა რუსეთის დაზვერვის განცხადება, სადაც კრემლი "ოცნების" მსგავსად ამტკიცებდა, რომ დიდი ბრიტანეთი საქართველოში "ქართული ოცნების" შეცვლას ცდილობს. 

დიდი ბრიტანეთი "ოცნებას" აფრთხილებს - განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულთან მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.

საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საგარეოში დაბარებულ "ოცნების" წარმომადგენელს ასევე ესაუბრნენ დაკავებული ოპოზიციის ლიდერების და ქვეყანაში თავისუფალი აზრის დევნის შესახებ და გააფრთხილეს, რომ თუ საქართველო არ დაუბრუნდება "დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას, ბრიტანეთი "არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას"

 

 

 

მსგავსი სიახლეები