8 ოპოზიციური პარტია ბოიკოტზე შეთანხმდა - რას ამბობენ გახარიასა და ხაზარაძის გუნდში
8 ოპოზიციური პარტიის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, "ლელო - ძლიერ საქართველოში" და გახარიას გუნდში პასუხობენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა და ისინი კვლავაც ფიქრობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა სწორი ნაბიჯია.
გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ოპოზიციის გუშინდელ განცხადებაში ახალი არაფერი გაჟღერებულა. მისი თქმით, პატივს სცემს მათ გადაწყვეტილებას, თუმცა "ლელოს" მაინც "თავისი გზა აქვს".
ჩვენ გუშინ ახალი არაფერი მოგვისმენია. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ ბოიკოტის მომხრე და ჩვენ ეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ. ასე რომ, ახალი არაფერი მოგვისმენია. მე ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ გაგრძელდა ბრიფინგებით საუბრის ტრადიცია. ეს სამწუხაროა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვქონდა რამდენიმე რაუნდი საკმაოდ საინტერესო მოლაპარაკებებისა. მე ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ საქართველოს ოპოზიცია უშვებდეს შეცდომას დღეს იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მათ გუშინ ერთობლივად დააანონსეს. თუმცა, ეს არის მათი არჩევანი. მე შემიძლია, მხოლოდ ის ვთქვა, რომ პატივს ვცემს მათ არჩევანს. რაც შეეხება „ლელო - ძლიერ საქართველოს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
გახარიას გუნდის წევრი ზაზა თავაძე კი ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა "ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მინიჭებას სულაც არ ნიშნავს და ეს ბრძოლის სამართლებრივი გზაა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება შესაძლებელია და ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ფრონტის ხაზი გადის არჩევნებზე. ლეგიტიმური ბრძოლის ხაზი გადის არჩევნებზე. გააჩნია ჩვენ ახლა რას ვეძახით ლეგიტიმაციას. თუ წმინდა სამართლებრივად ლეგიტიმაციას ვგულისხმობთ, მაშინ პირდაპირ კონსტიტუციის მიხედვით, რომელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, პატივს ვცემთ და ვაღიარებთ, კონსტიტუციის მიხედვით ინიშნება და არის დანიშნული 4 წელიწადში ერთხელ თვითმმართველობის არჩევნები. აქ არაფერი შეცვლილა. რეჟიმის დამყარებამდეც ასე იყო და რეჟიმის დამყარების მერეც ასეა. შესაბამისად, ამ არჩევნებში, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ვინმე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ამით ლეგიტიმაციას ვინმეს კი არ ანიჭებს, ამის ის, კონსტიტუციის შესაბამისად იქცევა, - ამბობს ზაზა თავაძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და გედევენ ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს - ამის შესახებ „დროას“ დამფუძნებელმა გუშინ პარლამენტთან განაცხადა.
შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება პოლიტიკოსებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხოშტარიას თქმით, 8 ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას მიაღწია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით.
- ამ რვა პარტიას შორის არ არიან არც „ლელო“ და არც გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“