"ბოლო გაფრთხილება სანქციებამდე" - ოპოზიცია დიდი ბრიტანეთის გზავნილებზე
"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ დრომდე დუმს და არ ამბობს, რა უთხრეს ბრიტანეთის მთავრობაში დაბარებულ ქართველ დიპლომატს.
ოპოზიციაში კი გაერთიანებული სამეფოს გზავნილებზე პირველი კომენტარები კეთდება - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ქართველი დიპლომატის დაბარების ფორმატი ნიშნავს, იმას, რომ კონკრეტულმა სახელმწიფომ, ამ შემთვევაში საქართველომ შეიტყოს, რომ "ბრიტანეთისთვის მიუღებელია მის მიერ გატარებული კურსი".
"ეს უნდა აღვიქვათ, როგორც ბოლო გაფრთხილება და სიგნალი იმ სანქციებამდე, რომელიც ვიცით, რომ მოდის" - ამბობს გეგელია.
ასეთ ფორმატში დიპლომატის დაბარება და ე.წ. reprimand-ის გაკეთება, არის ყველაზე მკაცრი შესაძლო ზომა, რაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან მის მოადგილეს გააჩნია ხოლმე პარტნიორებთან და სხვადასხვა სახელმწიფოებთან კომუნიკაციისას. ამ ფორმატის აზრი და არსი არის ის, რომ კონკრეტულმა სახელმწიფომ შეიტყოს ის, რომ ბრიტანეთისთვის მიუღებელია მის მიერ გატარებული კურსი და რომ ამას შესაბამისად ექნება ეფექტები გაერთიანებულ სამეფოსა და ხსენებულ სახელმწიფოს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ასე რომ, ეს უნდა აღვიქვათ, როგორც ბოლო გაფრთხილება და სიგნალი იმ სანქციებამდე, რომელიც ვიცით, რომ მოდის". - აცხადებს გრიგოლ გეგელია.
კოალიცია "ცვლილების" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ბრიტანეთის დაანონსებული სანქციები ნიშნავს იმას, გაერთიანებული სამეფო "ოცნებას" ფასს ახდევინებს რეპრესიებსა და ძალადობისთვის".
ყველა ჩვენი პარტნიორი და ამ შემთხვევაში, ბრიტანეთი გვევლინება ერთ-ერთ ლიდერად, სისტემას ფასს ახდევინებს იმ რუსული მოქმედებებისთვის, იქნება ეს ძალადობა, იქნება ეს რეპრესიები თუ სხვა, ფასს ახდევინებს და საბოლოო ჯამში, გვეხმარება ამ სისტემის დემონტაჟში. იმიტომ, რომ ამ სისტემის რყევა არის ის გზა, რომლითაც ჩვენ მათ ჩამოვაცილებთ მიტაცებულ ძალაუფლებას. ჩვენი პარტნიორები როცა ხედავენ ჩვენს ბრძოლას, ისინი ამაში გვეხმარებიან, შესაბამისად, იქნება ეს დაბარება, პასუხის მოთხოვნა, სანქცირება, განცხადებები, ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ფასი გადაახდევინონ".- ამბობს ელენე ხოშტარია.
გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ბრიტანეთის მსგავსად სხვა ბევრი ევროპული სახელმწიფო გაუგზავნის "ოცნებას" საპროტესტო ნოტას".
არა მხოლოდ ბრიტანეთი, არამედ, ჩემი აზრით, არ დარჩება არცერთი ჩვენი პარტნიორი ევროპული სახელმწიფო, რომელიც საპროტესტო ნოტას, ე.წ. ხელისუფლებას არ გაუგზავნის. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ უღალატოს ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს ისტორიულ არჩევანს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, "ოცნება" ღალატობს" ადამიანის უფლებების დაცვის ფასეულობას, არაფრად აგდებს კანონის უზენაესობას",- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
დიდი ბრიტანეთი "ოცნებას" აფრთხილებს - განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულთან მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.
საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საგარეოში დაბარებულ "ოცნების" წარმომადგენელს ასევე ესაუბრნენ დაკავებული ოპოზიციის ლიდერების და ქვეყანაში თავისუფალი აზრის დევნის შესახებ და გააფრთხილეს, რომ თუ საქართველო არ დაუბრუნდება "დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას, ბრიტანეთი "არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას"