ლოგიკური იქნებოდა, თუ ბრიტანეთი უფრო სერიოზულ სანქციებს მიიღებდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ - ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი
ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა, როცა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელს პროტესტის გამოსათქმელად იბარებს.
ბადრიძე "ტვ პირველთან" ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი არასდროს ყოფილა საქართველოსთან ურთიერთობების გაფუჭების არც ინიციატორი და არც მიზეზი.
დიპლომატი ორ ქვეყნას შორის ამჟამინდელ ურთიერთობას "სრულ ჩამოშლად" აფასებს და აცხადებს, რომ ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ხდება.
ლოგიკური იქნებოდა, თუ ბრიტანეთი უფრო სერიოზულ სანქციებს მიიღებდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ - აცხადებს ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფორმალურად, ერთი ქვეყნის საგარეო უწყება იბარებს საელჩოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პროტესტის გამოსათქმელად წარდგინებისთვის. ბრიტანეთი არასდროს ყოფილა ურთიერთობების გაფუჭების არც ინიციატორი და არც მიზეზი. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ეს არის სრული ჩამოშლა, კატასტროფა ორმხრივ ურთიერთობებში და არის ცალმხრივად მხოლოდ, მხოლოდ "ქართული ოცნების", ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. საბოლოო არის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა - არმგონია, აქამდე მივიდეს საქმე, მაგრამ, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს ბრალს დებს დანაშაულში, შეთქმულებაში, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მითუმეტეს, ამ ქვეყანას აქვს უფლება, მიიღოს ადეკვატური ზომები. ლოგიკური იქნებოდა, თუ ბრიტანეთი უფრო სერიოზულ სანქციებს მიიღებდა და მათ შორის უფრო მეტად სერიოზული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანების მიმართ და პირადად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ", - განაცხადა ბადრიძემ.
დიდი ბრიტანეთი "ოცნებას" აფრთხილებს - განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულთან მწვავედ გააპროტესტა "ქართული ოცნების" მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია.
საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საგარეოში დაბარებულ "ოცნების" წარმომადგენელს ასევე ესაუბრნენ დაკავებული ოპოზიციის ლიდერების და ქვეყანაში თავისუფალი აზრის დევნის შესახებ და გააფრთხილეს, რომ თუ საქართველო არ დაუბრუნდება "დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას, ბრიტანეთი "არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას"