შეხვედრა საქართველოს საკითხზე - ივანიშვილის ოფშორული აქტივები შესაძლოა, დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდეს
რას ნიშნავს "ოცნებისთვის" და მისი მხარდამჭერი ბიზნესისთვის ბრიტანეთის ინიციატივით, საქართველოზე საკოორდინაციო შეხვედრა? - ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ფიქრობს, რომ დასავლეთში დაწყებული საკოორდინაციო პროცესი საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, მალე კონკრეტულ ფინანსურ ნაბიჯებში გადაიზრდება.
მაჭავარიანის თქმით, ცხადია, რომ სანქციები არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ მასთან დაახლოებულ ბიზნესწრეებზეც გავრცელდება.
ამასთან, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამაზე გავლენას ვერც უნგრეთი იქონიებს, რომელიც "ქართული ოცნების" აქტიურ მხარდამჭერად ითვლება:
ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. მისი ფინანსური რესურსები მისი ფინანსების დიდი ნაწილი, რესურსები, როგორც გაირკვა, პანამის დოკუმენტებით თუ სხვა, ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ოფშორულ ზონებშია. ნებისმიერი მცდელობა უნგრეთის ან მისი პარტნიორების, რაიმე ფორმით შეაფერხოს ეს პროცესი, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება.
ამ განხილვამ, რომელიც ჩვენ ვნახეთ, სერიოზული შფოთვა უნდა გამოიწვიოს სწორედ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესწრეებში, სამთავრობო წრეებში, რომელსაც ასევე ანგარიშები, დიდი ალბათობით, აღმოაჩნდება ამ ოფშორულ ზონებში, შვეიცარიის ბანკებში და თავისთავად, ეს მათ ძალიან კარგად იციან, ვისაც ეს ეხება, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს იქნება პრობლემა.
დიდი ალბათობით, ამას მოჰყვება კონკრეტული ქმედება სანქციების მიმართულებით, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, ეს ადამიანები ერთმანეთს არ დაელაპარაკებოდნენ. ამას ემატება უკვე "მეგობარი აქტის" ინიცირებული პროექტი, -ამბობს ვანო მაჭავარიანი.
ცნობისთვის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრების ინიციატივით, საქართველოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც ონლაინფორმატში ჩატარდა, ესწრებოდნენ შვედეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მაიკლ ჩეჩირე.
საფრანგეთის მინისტრმა ბენჟამენ ადადიმ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახრები მიუღებელია და ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ამ ვითარებას უპასუხოდ არ დატოვებენ.
აღსანიშნაბია, რომ მსგავსი ფორმატის შეკრებები ამ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობის დროს აქვთ.
შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი. ლონდონმა მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და ცალკეული ოპოზიციური ლიდერების დაკავება, რაც, ბრიტანეთის შეფასებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებებს.