"კობახიძე ვერ ჩავიდა ირანში და სატირალში ბოჭორიშვილის მოადგილე გაგზავნა" - პირველი შეფასებები თბილისში
ოპოზიციის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის მიერ, ირანისთვის "ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო თანაგრძნობის გამოცხადებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდრო კავშირი აქვს "ქართულ ოცნებას" ირანთან და მსგავს სახელმწიფოებთან.
"ლელო ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ამ ტიპის სოლიდარობის დაფიქსირება, აგრძელებს იმ მავნებლურ ტრადიციას ქართული საგარეო პოლიტიკის ღიად დაუფარავი მკვლელობისა, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება ჩადის.
იმ ფონზე, როდესაც ირანი არის დაპირისპირებული სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობასთან, როდესაც ის იკავებს იმ ტიპის პოზიციებს, რაც სრულიად არა თავსებადია ქართული საგარეო პოლიტიკის გამოწვევებთან, ამ ტიპის სოლიდარობის დაფიქსირება არის პირდაპირი აფილირება ირანთან და იმ სახელწმიფოთა ბლოკთან, რომელიც დღეს არის ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ.
ეს აგრძელებს იმ მავნებლურ ტრადიციას ქართული საგარეო პოლიტიკის ღიად დაუფარავი მკვლელობისა, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჩადის მრავალი წლის განმავლობაში," - განაცხადა გეგელიამ.
"გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრი, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე თავად ვერ ჩავიდა ირანში და სატირალში მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე გაგზავნა.
ისე თამამად ვეღარ არის ირაკლი კობახიძე, რომ ღიად ჩასულიყო ირანში და სატირალში სამძიმარი გამოეცხადებინა. თუმცა ვხედავთ, რომ ის არ ცვლის ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ გეოპოლიტიკა სრულიად შეცვლილი არის საქართველოს ირგვლივ და კვლავ, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეს სატირალში აგზავნის.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას თუ რამდენად მჭიდრო კავშირები არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსა და ავტორიტარულ რეჟიმებს შორის," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე, ირანს "ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა“ გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩომ გააკეთა.