ვანო მაჭავარიანი პროკურატურაშია - მისცემს თუ არა ყოფილი მინისტრი ჩვენებას გახარიას წინააღმდეგ?
დაკითხვების სერია პროკურატურაში - გიორგი გვარაკიძის უწყებაში საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ვანო მაჭავარიანი მივიდა. წინასწარი ინფორმაციით, ის "ჩორჩანას საქმესთან" დაკავაშირებით უნდა გამოიკითხოს, ამიტომ, ახლა მთავრი კითხვაა, მისცემს თუ არა ჩვენებას ვანო მაჭავრიანი გიორგი გახარიას წინააღმდეგ.
ყოფილმა მინისტრმა პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და არ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა 2019 წლეს ფინანსთა სამინისტრო ინფორმირებული ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ.
"ჩორჩანას საქმესთან" და პროკურატურაში ვანო მაჭავარიანის დაბარებასტან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილმაც.
რაც შეეხება ვანო მაჭავარიანის დაბარებას, ის მაშინ მთავრობის წევრი იყო და რა თქმა უნდა, მთავრობის წევრებთან არის კითხვები. იცით, რომ გამოიკითხა ინფრასტრუქტურის მინისტრი, სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელიც, ფინანსთა სამინისტროც უნდა ყოფილიყო ჩართული ან ინფორმირებული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე 2 ივლისს გამოიკითხა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს გამოკითხვაზე საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანია დაბარებული. როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი; შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი; წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის (რომელშიც მათ შორის შედის სოფელი ჩორჩანა) გამგებელი ვაჟა ლომიძე.
ასევე, გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ სოფელ ჩორჩანას და წაღვლის მცხოვრებლები.