„ოცნების“ არასაჯარო წერილი აშშ-ს პრეზიდენტს - ოპოზიცია მიზანმიმართულ ანტიდასავლურ კურსზე საუბრობს

07.07.25 12:27
„ოცნების“ არასაჯარო წერილი აშშ-ს პრეზიდენტს - ოპოზიცია მიზანმიმართულ ანტიდასავლურ კურსზე საუბრობს

ელჩი დანიგანის სკანდალურ განცხადებას, რომელიც მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში გააკეთა, ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. „ქართული ოცნების“ ოპონენტების შეფასებით, ის არასაჯარო წერილი, რომელიც ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს გაუგზავნა, წარმოადგენს პირდაპირ იერიშს საქართველოს დასავლურ კურსზე.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ივანიშვილს აშშ-თან ურთიერთობების გარღმავების სურვილი არასდროს ჰქონია და პირიქით, მის მიზანს საქართველოს დასავლური სივრციდან ჩამოშორება წარმოადგენდა. 

ეს არის ისეთი მძიმე, ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომლის წარმოდგენაც კი ძალიან მძიმეა, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს წერ წერილს, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, არის მუქარით სავსე და არასერიოზული, რაც უწოდა ელჩმა. არასდროს ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია სურვილი, რომ ურთიერთობები გაეღრმავებინა აშშ-თან. მისი მთავარი სურვილი იყო, რომ საქართველო გასულიყო დასავლური სივრციდან. რეჟიმის ჩამოცილება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აღდგეს კომუნიკაცია, კავშირი, - ამბობს დეკანოიძე. 

სალომე სამადაშვილის შეფასებით, წერილი დიპლომატიური ენის სრული უგულებელყოფაა და მსგავსი ნაბიჯები საერთაშორისო არენაზე ერთმნიშვნელოვნად აღიქმება როგორც პოლიტიკური განზრახვის დემონსტრირება. 

თავისი დატვირთვით და შინაარსით, ფაქტი, რომ მუქარის და შეურაცხყოფის წერილი ეგზავნება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს, ეს, ჩემი აზრით, რომ შევხედოთ ცოტა უფრო გლობალურად, ზუსტად იგივე მასშტაბის განაცხადი, რაც იყო კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მან ღიად გამოაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს "ქართული ოცნება". ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დიპლომატიის ენაზე მსგავსი წერილის გაგზავნა, ეს არის სწორედ იმის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი სურვილი ამ ურთიერთობების გამოსწორების, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკა ფარულავა პირდაპირ ამბობს, რომ აშშ მათ პრეზიდენტზე და სახელმწიფოზე თავდასხმას არავის არასდროს აპატიებს. მისი თქმით, ცხადია, რომ ივანიშვილის და მისი გუნდი ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზებას ვერასდროს შეძლებს.  

არავის, არასდროს აშშ-ს სახელმწიფო არ აპატიებს თავდასხმას არც მათ პრეზიდენტზე და არც მათ სახელმწიფოზე. სინამდვილეში, ჩვენ რაც უნდა გვახსოვდეს, ვერასდროს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ვერ შეძლებენ ურთიერთობების ნორმალიზებას აშშ-თან და ყველა ის გზავნილი, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ ტრამპი მათ დაეხმარებოდა, რომ ტრამპი იზიარებდა მათ ღირებულებებს ან პრინციპებს, ეს ყველაფერი აღმოჩნდა პროპაგანდისტული მორიგი ნარატივები და ტყუილი, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ვიცე პრეზიდენტის განცხადება და სწორედ ამ განცხადების ციტირებით ესაუბრებიან "ქართული ოცნების" რეჟიმს, რომ ისინი ვერ შეძლებენ დემოკატიული მანდატის მოპოვებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარეშე, - ამბობს ნიკა ფარულავა. 

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, რომელიც ივლისში ტოვებს ქვეყანას, "რადიო თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ელჩი ასაჯაროებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი არასაჯარო წერილის შინაარსს და პირდაპირ ამბობს, რომ დოკუმენტი მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული იყო, რაც ვაშინგტონში „უკიდურესად ცუდად იქნა მიღებული“.

მსგავსი სიახლეები