შარმანაშვილი: დასადგენია, ნამდვილად თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თუ არა წერილი
“ქართული ოცნების“ დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით, დასადგენია, ნამდვილად თორნიკე რიჟვაძემ დაწერა თუ არა წერილი, რომელიც პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა.
შარმანაშვილს აინტერესებს, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა და რის საფუძველზე დადგინდა მისი ნამდვილობა.
“თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნამდვილად მისი დაწერილია, გამოძიება მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას“,-ამბობს ის.
„დადგენილია, რომ ეს წერილი მართლა მისი დაწერილია? როგორ დაადგინეს? ექსპერტიზა ჩატარდა უკვე? ეს ასე არ ხდება, თუ გამოძიება დაადგენს, რომ მან რაღაც წერილი დაწერა, თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნამდვილად მისი დაწერილია, გამოძიება შეაფასებს ამას და მისცემს შესაბამის კვალიფიკაციას... ამ წერილის ასლიც არ დევს ხომ? მოყოლით იციან“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.