ლევან ხაბეიშვილი: ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე
ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ამოიღოთ ხმა, თორემ ეს ადამიანი მოგადგებათ ყველას სახლში, ოჯახებში და დაგიწიოკებთ შვილებს - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თორნიკე რიჟვაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მან აჭარის მტავრობის ყოფილ მეთაურს, რომელმაც გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა, გამოჯანმრთელება უსურვა.
“პირველ რიგში გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე. წარმოიდგინეთ
ნებისმიერი ვერსია, მათ შორის ადამიანი რა ზომამდე უნდა მიიყვანო, რომ სცადოს თვითმკვლელობა. მერე მეორე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ადამიანი წავიდა მისი ძმაკაცის სახლში, იპოვა იარაღი, წერილი დაწერა, უკაცრავად, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეებს ჰყვება რუსული ხელისუფლება, თითქოს ჯიბეში ჩაიდო წერილი, არავინ დამნაშავე არაა, მადლობა მკვლელებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ამოიღოთ ხმა, თორემ ეს
ადამიანი მოგადგებათ ყველას სახლში, ოჯახებში, დაგიწიოკებთ შვილებს და ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? გადასულია ადამიანების მკვლელობაზე, “ზარალა” ციხეში გაუშვა, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა ან ესროლეს, ნებისმიერ შემთხვევაში მას კლავენ და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ამ ადამიანს, რომ უფრო ბევრი რამ გავიგოთ და სიცხადე შეიტანოს ამ ამბავში.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ: "არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას"
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.