"იმედია მალე მოიკრებს ძალას და ამხელს იმ ბოროტებას რისი ნაწილიც თავად იყო"- კუპრაძე თორნიკე რიჟვაძეზე
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე თორნიკე რიჟვაძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ აწარის მტავრობის ყოფილი ხელმძღვანელი "მალე მოიკრებს ძალებს და იმ ბოროტებას ამხელს, რომლის ნაწილიც თავად იყო".
თორნიკე რიჟვაძისგან, როგორც პოლიტიკოსს და როგორც მოქალაქეს, მხოლოდ ცუდი მახსოვს!
თუმცა, ყოველგვარი მაგრამის გარეშე, თორნიკეს სიცოცხლეს და გადარჩენას ვუსურვებ!
იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდება, მალე მოიკრებს ძალას და ამხელს იმ ბოროტებას რისი ნაწილიც თავად იყო, იმ ბოროტებას, რომელიც ახლა მას უპირებს რომ გაანადგუროს!
სიტყვას თავისი ძალა აქვს, ამიტომ კიდევ ერთხელ:
უნდა იცოცხლოს!" - წერს ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკაში განმარტავენ: "არსებობს კანონით დადგენილი ფორმა და მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტის პირადი ნივთები გაიცემა მხოლოდ მის ახლობლებზე, ანუ ოჯახის წევრებზე. ასევე, კანონითვე პირდაპირაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირადი ნივთები გადაეცემა პოლიციას"
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.