როგორია თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა და როდის გააცნობენ ბრალის ოფიციალურ დადგენილებას ალექსანდრე ახვლედიანს
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება - როგორც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, ამ წუთებში პაციენტს კვლევები უტარდება, რის შემდეგაც საზოგადოებისთვის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელების მდგომარეობასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, თვითმკვლელობა კახეთში, მეგობრის სახლში, მეგობრის იარაღით სცადა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმის თქმით, გაუარესებული არ არის.
„მდგომარეობა სტაბილურია, არ გაუარესებულა. ახლა შემოვლაა, მერე კვლევები იქნება, რის შემდეგაც ლევან რატიანი გააკეთებს კომენტარს. დიახ, სტაბილურად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ტურძელაძემ "ინტერპრესნიუსთან".
- თვითმკვლელობის ვერსიაზე კი ისევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა: მომხდარიდან 24 საათის შემდეგ გამოძიება არ ამბობს, ვინ არიან მოწმეები, ვინც საბედისწერო გასროლის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ან რა გახდა ამ უმძიმესი ფაქტის წინაპირობა.
ბრალის წარდგენის მოლოდინშია ალექსანდრე ახვლედიანი - "ოცნების" მაღალჩინოსანი და ივანიშვილის გარემოცვის წევრი, ვის სახლშიც გამოძიების მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
ადვოკატი, ლალი აფციაური "პირველებთან" ამბობს, რომ ალექსანდრე ახვლედიანს მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვს - "მეშინია ინფარქტმა არ დაარტყას"
ბრალზე ალბათ დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება. საქმის მასალების არ გადმომცემია, ადამიანს ვერ დაველაპარაკე, გუშინ მართლა ისეთი ფერი ედო სახეზე და ისეთი ემოციური იყო, შემრცხვა რომ კითხვა დამესვა ელემენტალურად. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, ინფარქტმა არ დაარტყას ან რაღაც. სულ რაღაც 10 წუთიანი კონტაქტი მქონდა, მე თვითონ შემეშინდა, გამოვედი, გავაფრთხილე, მიხედეთ, ამის ჯანმრთელობას რამე არ დაემართოს-თქო".- აცხადებს ლალი აფციაური.
ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
- თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა". ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ოპოზიციას.
ასევე, წერილის პოვნას და წარმომავლობას არ ადასტურებს არცერთი კლინიკა.