თვითმმართველობის არჩევნები ეუთო/ოდირის გარეშე - "ოცნების" გადაწყვეტილებას ოპოზიციაში აფასებენ

08.07.25 11:40
თვითმმართველობის არჩევნები ეუთო/ოდირის გარეშე - "ოცნების" გადაწყვეტილებას ოპოზიციაში აფასებენ

ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებას ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ "ქართულ ოცნებას" კვლავ სურს "არჩევნების გაყალბება და ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნება". 

ხელისუფლების ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად "რუსული სპეცოპერაცია" იქნება. 

  • ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებული განზრახვის გამო, არ მოიწვიოს ოფისი მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად წუხილი გამოთქვა და აღნშნა, რომ ODIHR-ი კვლავ მზადაა გააგზავნოს სადამკვირვებლო მისია, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს დროულად გააგზავნოს მოწვევა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილია ის ატმოსფერო რაც თავის დროზე ლუკაშენკომ, კადიროვმა და პუტინმა შექმნეს. მისი თქმით, ის რაც 2024 წლის არჩევნებზე "ოცნებამ" გააკეთა "იყო რუსული სპეცოპერაცია, მას შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვანად დამძიმდა". 

რეჟიმის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არანაირ არჩევნებს ის არ ატარებს და აქედან გამომდინარე კარგად ვიცით ყველამ, რომ 2024-ში რაც გააკეთეს ის იყო რუსული სპეცოპერაცია, იმის შემდეგ მდგომარეობა მნიშვნელოვანად დამძიმდა, მნიშვნელოვნად გაუარესდა ყველა თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილი და ყველა სხვა პარტიის პოლიტიკური ლიდერი კვლავ ციხეშია და ახლა მიხეილ სააკაშვილს მიემატნენ სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ჩვენი ახალგაზრდები, პატრიოტები ციხეში სხედან. გრძელდება კრიმინალური თავდასხმები საქართველოს მოქალაქეებზე და არავინ არ არის გამომძიებელი ამ კრიმინალური აქტებისა, თავდასხმებისა და ბუნებრივია საქართველოში, მართლაც,  შექმნილია ის ატმოსფერო, რაც თავის დროზე შექმნა ლუკაშენკომ და რუსეთში კადიროვმა და პუტინმა," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ივანიშვილი არანაირი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს და ერთადერთი სწორი გამოსავალი მათთან არ თანამშრომლობაა. 

ამ განცხადებებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მხოლოდ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების უმრავლესობა კი არ თვლის, რომ რეჟიმი გვყავს ქვეყანაში ხელისუფლების ნაცვლად და ურთულეს მდგომარეობაში ვართ, ეს ძალიან კარგად გასაგებია ჩვენი პარტნიორებისთვისაც და ეს განცხადებაც ამის ნათელი მაგალითია. 

ის ყველაფერი რაც ხდება ბოლო პერიოდში საქართველოში კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ არანაირი არჩევნების ჩატარებას ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ამ ქვეყანაში და ახლა ერთადერთი და სწორი გამოსავალი არის ბოლომდე არ თანამშრომლობა მასთან და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნა ქვეყანაში" - განაცხადა კირთაძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეშფოთება გამოთქვა

მსგავსი სიახლეები