მკაცრი გზავნილები აშშ-დან "ოცნებას"- რას ამბობენ ექსპერტები?
აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის კრიტიკული განცხადებების შემდეგ, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ "ქართულ ოცნებას" შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების შანსები თითქმის აღარ აქვს.
ექსპერტების განმარტებით, ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი ამერიკაა და მათ შორის საქართველოს ნაბიჯები, რომ ირანთან გააღრმავოს ურთიერთობა საერთოდ არ შედის აშშ-ის ინტერესებში.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელი აცხადებს, რომ აშშ-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკანიზმი მიუღებელია. მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნება" გადადგა ნაბიჯები, რომლებიც წითელი ხაზის მიღმაა.
პრიორიტეტებზე ირიბად, მაგრამ მკაფიოდ მაინც ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა რუბიომ. ანტიამერიკანიზმი ამერიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, მათთვის არის მიუღებელი. ანტიამერიკანიზმი არის რუსული ინტერესების გაძლიერება, ბუნებრივია თავისთავად და სანქციებზე თავის არიდებაში დახმარება, ირანთან მჭიდრო ურთიერთობა და ირანის ოპერაციებში რეგიონში ხელშეწყობა.
ეს არის პირდაპირ რუსების მიერ ნაკარნახევი, მარტივი მიზეზით, რუსებმა იციან რა არის წითელი ხაზები, ანუ როგორ შეიძლება დაიწვას ხიდები დასავლეთთან და შესაბამისად "ქართულმა ოცნებამ" გადადგა ის ნაბიჯები, რომელიც იყო სწორედ ამ წითელი ხაზის მიღმა," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი, გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადების შემდეგ ურთიერთობების დალაგების აღარანაირი შანსი არ არსებობს.
გიორგი რუხაძის თქმით, ივანიშვილს ტრამპის პასუხის შეეშინდა, რის გამოც დანიგანს არ შეხვდა, მისი თქმით ტრამპის პასუხი ძალიან მკაცრია და კარგ ფორმებს არ მიიღებს.
რამდენად არის პერსპექტივა, შესაძლებლობა ურთიერთობების დალაგების, მე მგონი ამ განცხადების მერე ქალბატონი ელჩის მხრიდან, საერთოდ აღარანაირი შანსი აღარ არსებობს.
როგორ წარმოგიდგენიათ, ივანიშვილმა მიწერა ტრამპს თავხედური წერილი, ტრამპს, რომელიც როგორ რეაგირებს თავხედობაზე მე მგონი ყველამ ვიცით და შესაბამისად ნაკლები შანსია აქედან რამე გამოვიდეს, თუ საერთოდ ნულოვანი შანსი არაა.
პასუხი, რომლის მიღებაც ივანიშვილს შეეშინდა სავარაუდოდ და სწორედ იმიტომ არ შეხვდა ელჩ დანიგანს, არის ძალიან მკაცრი და რა ფორმებს მიიღებს ამას შეგვიძლია დაველოდოთ, კარგი რომ არაფერი იქნება ამაში დარწმუნებული ვარ," - განაცხადა რუხაძემ.
ცნობისთვს, აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, რომელიც ივლისში ტოვებს ქვეყანას, "რადიო თავისუფლებასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ელჩი ასაჯაროებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ ვაშინგტონში გაგზავნილი არასაჯარო წერილის შინაარსს და პირდაპირ ამბობს, რომ დოკუმენტი მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული იყო, რაც ვაშინგტონში „უკიდურესად ცუდად იქნა მიღებული“.