კობახიძე: მე და ჩემს მეგობრებს რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს

10.07.25 12:34
კობახიძე: მე და ჩემს მეგობრებს რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს

ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს მის მიმართ - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ მედიის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

კობახიძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც თანამდებობა დატოვა.

„მე მუდმივად ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას. რაც შეეხება სიახლეებს, სიახლეებთან დაკავშირებით, როდესაც იქნება შესაბამისი ინფორმაცია საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ.

რაც შეეხება სტრესულ გარემოს, მე ერთ-ერთ მაგალითად დავასახელე სამარცხვინო მედიასაშუალებები, რომლებიც ათას ტყუილს კადრულობენ. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სტრესული, ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს სტრესული. ჩემთვის არაა, მაგრამ ვიღაცისთვის სტრესულია.

რამდენიმე დღის წინ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა გივი მიქანაძის საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ითქვა ასეთი რაღაც, რომ, თითქოს, ის ჩემთვის ხურავდა ამ აკადემიის აუზს, იქ დავდიოდი აუზზე, საერთოდ იხურებოდა პოლიციელებისთვის აუზი. საუბარია აუზზე, რომელიც თვალით არ მინახავს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს კადრულობთ. თვალით არ მინახავს აუზი! ჩემთვის არ არის ეს სტრესული, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის, თუნდაც ასეთი სამარცხვინო ტყუილი, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ტყუილი, შეიძლება იყოს სტრესული.

რაც შეეხება მუქარას, თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი. იმ დღეს კომენტარი რომ გავაკეთე, მედია დავასახელე როგორც ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუილებით. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. თქვენ თქვენი სამარცხვინო ტყუილებით ქმნით სტრესულ გარემოს ადამიანებისთვის. ეს არ უნდა გეწყინოთ. ძალიან ბევრ სამარცხვინო ტყუილს ავრცელებთ, მე ერთი მაგალითი მოგიყვანეთ.

ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს მფარველობას კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი, როგორ იყო. ვიმეორებ, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ყოველ ჯერზე, ძალიან თბილი შეხვედრები. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანი ტოვებს თანამდებობას, იქ როტაციის განხორციელება არის ჩვეულებრივი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

7 ივლისს აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თვითმკვლელობა "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან სცადა - ამ ვერსიას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რიჟვაძემ, რომელიც ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, ფანჩატურიდან აიღო ცეცხლსასროლი იარაღი და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში გაიტანა და თვითმკვლელობა სწორედ იქ სცადა. 

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია პოლიციამ ალექსანდრე ახვლედიანი დააკავა. ალექსი ახვლედიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ის მოსამართლემ 30 000 გირაოს სანაცვლოდ გაათავსიუფლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

რიჟვაძე ამჟამად თურქეთში გადის მკურნალობას. 

ამასთან, თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ გავრცელებული ცნობების პარალელურად, სამთავრობო მედიამ გაავრცელა წერილი, სადაც ის ამტკიცებდა, რომ რიჟვაძემ "ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა". 

ასევე, წერილის პოვნას და წარმომავლობას არ ადასტურებს არცერთი კლინიკა.

მსგავსი სიახლეები