შესაძლოა, ხარკის სანაცვლოდ თავისუფლება იყიდონ - გია ხუხაშვილი "ოცნების" მოქმედ და ყოფილ ჩინოვნიკებზე

10.07.25 17:39
შესაძლოა, ხარკის სანაცვლოდ თავისუფლება იყიდონ - გია ხუხაშვილი "ოცნების" მოქმედ და ყოფილ ჩინოვნიკებზე

 

 

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაპატიმრების შემდეგ, ოპოზიცია "ოცნების" მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩნოსნების მოსალოდნელ დაკავებებზე ალაპარაკდა. "ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილი მათგან "მოპარული ფულის ამოღებას ცდილობს".

პოლიტიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის თქმით კი, რომეო მიქაუტაძის დაკავების შემდეგ, მოქმედმა მაღალჩინოსნებმა, "შესაძლოა, ხარკის სანაცვლოდ თავისუფლება იყიდონ".

მათი "გაპარსვის დრო" დგება - მეორე ეტაპი. მოგეხსენებათ, ასეთი გამოთქმა არსებობს - "ქურდის ქურდი ცხონდაო", ჯერ აშოვნინებ ფულს და მერე იწყებ მათგან ფულის ამოღებას. ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი დიდი ისტორია, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს ძალიან ბევრი ფიგურანტი, მაგრამ, ახლა აუცილებელი არ არის, რომ ჩვენი ხმაურიანი დაპატიმრებები ბევრი ვნახოთ. რატომ? - იმიტომ, რომ მოლაპარაკებები შეიძლება პოზიტიურად დასრულდეს, მოილაპარაკონ რაღაც თანხებზე და მიიტანონ ამათმა ხარკი და ამით იყიდონ საკუთარი თავისუფლება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.  

მოსალოდნელ დაკავებების სერიაზე "ქართული ოცნების" ოპონენტები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კორუფციის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. 

საქმის მასალების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები