თბილისის მეტროს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის წარმოებულ ვაგონებს მიაწვდიან - ექსპერტები რისკებზე საუბრობენ
თბილისის მეტროს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის (CRRC) მიერ წარმოებულ 111 ვაგონს მიაწვდიან - ინფორმაციას დედაქალაქის მერიაში ადასტურებენ.
მეტროს თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია. გამარჯვებული კომპანია "ჯი-თი გრუპია", რომელიც ვაგონების ჩინურ მწარმოებელთან თანამშრომლობით მიაწვდის.
მხარეებს შორის 150 მილიონი ევროს ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
"ტვ პირველმა" ვიცე-მერს CRRC-ის შესაძლო სანქცირებაზე და მოსალოდნელ რისკებზე ჰკითხა.
- ცნობილია, რომ CRRC-ი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩინურ სამხედრო წარმოებად და აშშ-სთვის საფრთხედაა განსაზღვრული.
გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ კითხვა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანაა. მისი თქმით, თუ კომპანია დასანქცირდება, ფიზიკურად ვერ შეასრულებს ხელშეკრულების აღებულ ვალდებულებს.
აბსოლუტურად ყველა პროცედურის დაცვით იქნა ჩატარებული ტენდერი და ტენდერში გადაწყვეტილებას ღებულობს არა კონკრეტულად რომელიმე სახელმწიფო მოხელე, არამედ ის პირობები და ის წარმოდგენილი წინადადება, რომელიც კომპანიების მხრიდან ხდება და არის წარმოდგენილი.
ნუ გადავიყვანთ ამ ძალიან პოზიტიურ და დადებით გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ჭრილში.
თუ კომპანია აღმოჩნდა და იქნა სანქცირებული, ფიზიკურად ვერ შეძლებს განახორციელოს აღნიშნული ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება. ეს ხომ ძალიან მარტივია. შესაბამისად დღეს საუბარი, რომ რაღაცა პერიოდის შემდგომ შეიძლება რაღაც უმაღლესი დონის კომპანია, ჩინური, აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ, არასერიოზულია," - განაცხადა ტყემალაძემ.
"ჯი-თი გრუპის" გენერალური დირექტორი, თემურ უსტიაშვილი განმარტავს, რომ კომპანია პოლიტიკურ თემებში არ ერევა და თუ ტენდერი მოიგეს არ ნიშნავს, რომ კორუფციულ გარიგებაშია.
რეალურად ჩვენ მერიასთან გვაქვს საბანკო გარანტია დადებული და იმ შემთხვევაში თუ ვერ მივაწოდეთ რომელიმე ვაგონი, პასუხისმსგებელი ვიქნებით მაგ შემთხვევაში თანხით. აქედან გამომდინარე, მე მგონი, რისკები მინიმალურია. რაც შეეხება მომავალში რა მოხდება მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით.
ნებისმიერ დამფუძნებელს თუ რომელიმეს აქვს სურვილი რომელიმე პარტიას შეწიროს თანხა, ეს მისი პირადი სურვილია და უკაცრავად მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ თემებში ვერ ვერევით და არ არის არანაირად პოლიტიკური. უკაცრავად მაგრამ თუ ტენდერ მოიგებს კომპანია, არ ნიშნავს იმას, რომ კორუფციულ გარიგებაშია," - განაცხადა თემურ უსტიაშვილმა.
მოსალოდნელ რისკებზე კორუფციის მკვლევარები საუბრობენ - ისინი სვამენ კითხვას, ხომ არ მოარგეს ტენდერი რომელიმე კონკრეტულ მწარმოებელს. ასევე ექსპერტებს აინტერესებს, რატომ შეჩერდა ისეთ კომპანიაზე არჩევანი, რომელიც შესაძლოა, დასანქცირდეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საგამოძიებო ბიუროს" დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ CRRC-ის დასანქცირებას, გასულ წელს, რესპუბლიკელი კონგრესმენები ითხოვდნენ და შესაძლოა "ახლო მომავალში აშშ-ს მიერ დასანქცირდეს".
"... [კომპანიის] ირანთან არსებული მსხვილი კონტრაქტების გამო, რესპუბლიკელი კონგრესმენები, შარშან, ითხოვდნენ ამ კორპორაციის დასანქცირებასაც. რეალურად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონტრაქტი მწარმოებელთან, რომელიც ახლო მომავალში აშშ-ს მიერ დასანქცირდეს. ან ზოგადად ვიღებთ კონტრაქტს მწარმოებელთან, რომლის მიმართაც ამდენი საეჭვო კითხვის ნიშანი არსებობს.
მაღალი ალბათობით, ეს იყო კორუფციული ინტერესები დაგეგმილი და წინასწარ მორგებული ტენდერი" - განაცხადა აბესაძემ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბესიკ დონაძეაღნიშნავს, რომ შეგვეძლო მიგვეღო ევროპული წარმოების ვაგონები, თუმცა მივიღეთ "ქართული ოცნების" შემომწირველი, ჩინური კომპანია, რომლის რეპუტაცია გაურკვეველია.
არცერთმა ევროპულმა კომპანიამ მონაწილება არ მიიღო. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ რომელმა კომპამნიამაც გაიმარჯვა. ეს კომპანია არის "ქართული ოცნების' შემწირველი კომპანია. საკმაოდ მსუყე თანხები აქვს "ქართული ოცნების" ოფისში. გვქონდა შესაძლებლობა შეძენილყო ევროპული წარმოების, ხარისხიანია კარგი რეპუტაციის მქოონე კომპანიისგან, რომელიც გამოადგებოდა და სარგებელს მიიღებდა თბილისელები და არამარტო თბილისელები. მაგრამ სამწუხაროდ, მივიღეთ ისევ "ქართული ოცნების" შემომწირველი კომპანია, მივიღეთ ჩინური კომპანია, რომლის რეპუტაცია გაურკვეველია, ფაქტები გვაქვს რომ სანქცირებული იყო," - განაცხადა დონაძემ.
ცნობისთვის, 600 მილიონ ლარიანი ტენდერი ისე ჩატარდა, რომ რეალურად ევროპელი მწარმოებლები მასში არ მონაწილეობდნენ. გამარჯვებული კომპანია, გასულ წელს, ბულგარეთის ტენდერში, არაკეთილსინდისიერ ქმედებებში დაადანაშაულა. ამასთან, CRRC-ი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით ჩინურ სამხედრო წარმოებად და აშშ-სთვის საფრთხედაა განსაზღვრული.