ბაჩიაშვილის ცემის ბრძანება ივანიშვილის მხრიდან მოდიოდა - ადვოკატი
"სახეზე გვაქვს გამოძალვის მცდელობა" - ასეთ კვალიფიკაციას აძლევს "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის უცხოეელი ადვოკატი გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.
რობერტ ამსტერდამი გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში 11 ივლისს განვითარებულ მოვლენებს წამების კვალიფიკაციას აძლევს.
ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის გიორგი ბაჩიაშვილი საფრთხეს წარმოადგენს:
ის, რაც ბაჩიაშვილს მოუწყვეს, არა მხოლოდ წამებას წარმოადგენს, ეს იშვიათი შემთხვევაა, სახეზე გვაქვს გამოძალვის მცდელობა. ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ საქმე არ ეფუძნებოდა არანაირ სამართლებრივ საფუძველს და მიზანი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა ჩვენი კლიენტისთვის წაერთმიათ ყველა ქონება. ეს არის სწორედ გამოძალვის მექანიზმის ნაწილი.
ერთი მხრივ, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი სჯერა, რომ საქართველოში ყველაფერი მას ეკუთვნის, და მეორე მხრივ, იმიტომ რომ ბაჩიაშვილი მისთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ ბაჩიაშვილს აქვს ყველაფერი, რაც ივანიშვილს არ გააჩნია. მას აქვს უმაღლესი განათლება, პროფესიონალიზმით გამოირჩევა, კარგად ესმის დასავლური ღირებულებები და აქვს კარგი კონტაქტები, ივანიშვილი და ქართული ოცნების დაჯგუფება კი საპირისპიროს წარმოადგენს.
ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებული განცხადების წაკითხვის შემდეგ აშკარაა, რომ მისი ცემის ბრძანება ივანიშვილის მხრიდან მოდიოდა. ამ ეტაპზე კონსულტაციებს გავდივართ ადგილობრივ იურიდიულ გუნდთან და გადავდგამთ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნაბიჯს, რაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ უკანონო და ფაქტობრივად კრიმინალურ დევნაში ჩართული პირები პასუხისგებაში მივცეთ.
ვფიქრობ, რომ მსოფლიო ნელ-ნელა იღვიძებს და აცნობიერებს, რაც საქართველოში ხდება. ამასთან ერთად, შეუძლებელია დაიმალოს ის, რაც ციხეში მოხდა, ამიტომ ვფიქრობ, დრო უკვე არ მუშაობს ქართული ოცნების სასარგებლოდ დრო ხალხის მხარესაა"- აცხადებს ამსტერდამი.
- ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში ცემეს. "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.