მარიონეტია, წერილი სხვამ დაუწერა - გახარია ღარიბაშვილზე
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, ირაკლი ღარიბაშვილს "მარიონეტს" უწოდებს.
ექსპრემიერი მთავრობის მოქმედი მეთაურის გუშინ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილს აფასებს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა "სხვა ადამიანმა" დაუწერა:
როდესაც ქვეყნის პირველი პირი მსგავსი რაღაც ეპისტოლარული ჟანრით არის დაკავებული, თან ყველას ხომ ესმის, რომ ეს სულ სხვაგან და სხვა ადამიანის მიერ დაწერილი სცენარია და ჩვეულებრივი მარიონეტია ამ სცენარში ერთ-ერთი შემსრულებელი. ასეთი ბევრი გვინახავს.
რა შეფასება უნდა გავაკეთო მე, როცა ადამიანი სხვის მიერ დაწერილ სცენარებს აქვეყნებს და არის მარიონეტი"- აცხადებს გახარია.
ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. ვრცელ მიმართვაში მთავრობის მეთაური სხვადასხვა ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში.
პრემიერი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას მსგავსად, სააკაშვილსაც ნარკოდამოკიდებულის იარლიყს აკრავს.
განცხადებაში პირველი პირი საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ფსიქოლოგიური და ფსიქიკური" მდგომარეობის შესახებ საუბრობს, თუმცა ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, რას ეყრდნობა.
ამასთან, მთავრობის მეთაური სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვაზეც" საუბრობს და იმუქრება, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა.