გონს მოეგეთ! - სინდისის პატიმრების ოჯახის პასუხი კობახიძეს
ირაკლი კობახიძის გუშინდელ აღიარებას სინდისის პატიმრების ოჯახები ეხმიანებიან და "ქართული ოცნების" წევრებს მიმართავენ - "გონს მოეგონ".
- საქმე ეხება 23 ივლისს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს, სადაც მან პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირებზე საუბრისას განაცხადა, რომ „აუცილებელი გახდა ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაახლოებით, 30 ადამიანის დაკავება, პირველ რიგში, სწორედ პრევენციული მიზნებისთვის.“
- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მისულმა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა თქვა: „ჯამში ალბათ 1000-მდე ადამიანი იყო ჩართული ძალადობაში სხვადასხვა დღეს, თუმცა დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი“.
სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედის, ელენე ახობაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტპატიმრები აუცილებლად უნდა გამოუშვან, ვინაიდან თავადაც იციან, რომ მტკიცებულებები არ გააჩნიათ.
თავიანთ ფარსში, თავიანთ ცირკში თვითონვე გაიჭედნენ. ახლა ეძებენ გამოსავალს და მე მაგალითად მივმართავ, ცოტა გონს მოეგოს, გამოსავალი უკვე ძალიან ახლოში აქვთ. ევროკავშირმა მათ დაუყენა რაღაც პირობები, ნორმალურად რომ არჩევნები ჩატარდეს ხელმეორედ და ცხოვრება ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ აუცილებლად უნდა გამოუშვან პოლიტპატიმრები იმიტომ, რომ თვითონაც იციან, რომ მტკიცებულებები არ გააჩნიათ," - განაცხადა ელენე ახობაძემ.
საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძის განცხადებით, სინდისის პატიმრები ცრუ ბრალდებებით სხედან და მათ საქმეებზე ცრუ მოწმეები ჰყავთ და კარგია, რომ თვითონაც აღიარებენ ამას.
ეს რა თქმა უნდა დადასტურებაა და ვიცოდით კიდევაც, რომ უნდოდათ უბრალოდ ხალხი დაეშინებინათ. ვიცით ყველამ, რომ ცრუ მოწმეები ჰყავთ ცრუ ბრალდებებით სხედან ბიჭები. ძალიან კარგი უკვე თვითონაც რომ აღიარებენ," - ამბობს თორნიკე სხვიტარიძე.
სავარაუდოდ, კობახიძის აღიარების შემდეგ, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ადვოკატები მოსამართლეს მიმართავენ რომ საქმეებს დაურთონ კობახიძის განცხადება. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ივანიშვილის პრემიერის გამოკითხვასაც მოითხოვენ.