"რეჟიმი საჯარო მოხელეები დაშინებას ე.წ. დანოსებისა და ანონიმკების საშუალებით ცდილობს" - თორნიკე ართქმელაძე

24.07.25 16:05
"რეჟიმი საჯარო მოხელეები დაშინებას ე.წ. დანოსებისა და ანონიმკების საშუალებით ცდილობს" - თორნიკე ართქმელაძე

რეჟიმი საჯარო მოხელეები დაშინებას  ე.წ. დანოსებისა და ანონიმკების საშუალებით ცდილობს - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე ართქმელაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას საჯარო უწყებებში კორუფციის მხილების მექანიზმთან დაკავშირებით.

ართქმელიძე ამბობს, რომ პირმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას კორუფციაზე, საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიმართოს და არა "კუპრაშვილის გაუგებარ კანტორას".

მისივე თქმით, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან, რადგან „ქართული ოცნების“ არც ერთი კორუფციული გარიგება დღემდე გამოძიებული არ არის.

"საქართველოში გრძელდება საბჭოთა სტილის რეპრესიები. ამჯერად რეჟიმმა სამიზნეში ამოიღო საჯარო მოხელეები, რომელთა დაშინებას, ძველი, კარგად გამოცდილი საბჭოთა მეთოდებით ცდილობს, კერძოდ, ე.წ. დანოსებისა და  ანონიმკების საშუალებით. 

რაჟდენ კუპრაშვილის დღევანდელ განცხადებას არავითარი კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან, რადგანაც "ქართული ოცნების" კორუფციული გარიგებები დევს ხელის გულზე და არცერთი მათგანი დღემდე გამოძიებული არ არის. 

ამ ე.წ. დღევანდელი განცხადების ერთადერთი მიზანი არის, რომ საჯარო მოხელეები იყვნენ შიშში, იყვნენ სტრესში, მათ ეშინოდეთ თავიანთი გვერდზე მომუშავე ადამიანის, რადგან არ ეცოდინებათ,  როდის დაასმენს მას რაჟდენ კუპრაშვილთან. 

შევახსენებ ყველას, მათ შორის, "ქართულ ოცნებასაც", რომ მამხილებლის ინსტიტუტი დაცულია, როგორც ქართული ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით. კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს კონვენციის 33-ე მუხლის მიხედვით, ყველა ის პირი უნდა იყოს დაცული, რომელიც კომპეტენტურ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, კერძოდ კორუფციის შესახებ. კორუფცია არის დანაშაული და არა გადაცდომა, რომელზეც შესაძლოა იქნეს გამოყენებული, როგორც დისციპლინალური დევნის საფუძველი.

შესაბამისად ყველა ის პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას კორუფციის შესახებ, მან უნდა მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს, პროკურატურას და არა რაჟდენ კუპრაშვილის გაუგებარ კანტორას.  კორუფცია არის დანაშაული და არა ადმინისტრაციული გადაცდომა," - განაცხადეს "ძლიერ საქართველოში". 

სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ე.წ. მამხილებლის ინსტიტუტი ამოქმედდება - როგორც დღეს ჟურნალისტებთან ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს "მხილების ძლიერი მექანიზმი".

კუპრაშვილის განცხადების თანახმად, მოქალაქეს და საჯარო მოხელეს შესაძლებლობა ექნება ანტიკორუფციულს ანონიმურად მიმართოს და სავარაუდო კორუფციაზე ინფორმაცია წერილობით მიაწოდოს. 

მსგავსი სიახლეები