ყველა საჯარო დაწესებულებაში მხილების ძლიერი მექანიზმი იარსებებს - რაჟდენ კუპრაშვილი

24.07.25 14:37
ყველა საჯარო დაწესებულებაში მხილების ძლიერი მექანიზმი იარსებებს - რაჟდენ კუპრაშვილი

სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ე.წ. მამხილებლის ინსტიტუტი ამოქმედდება - როგორც დღეს ჟურნალისტებთან ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს "მხილების ძლიერი მექანიზმი".

კუპრაშვილის განცხადების თანახმად, მოქალაქეს და საჯარო მოხელეს შესაძლებლობა ექნება ანტიკორუფციულს ანონიმურად მიმართოს და სავარაუდო კორუფციაზე ინფორმაცია წერილობით მიაწოდოს. 

ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მოქალაქის ნდობას კიდევ უფრო უარყოფითად განაწყობს საჯარო სექტორის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის ძალიან პრობლემური საკითხი და საფრთხის მატარებელი.

შესაბამისად, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ეს იქნება რეფორმა, რომელიც გამჭვირვალობას შეიტანს. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებში. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ამ განხილვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.