"ოცნება" ამტკიცებს, რომ "მეგობარ აქტს" სენატში სრული მხარდაჭერა აღარ აქვს

25.07.25 16:27
"ოცნება" ამტკიცებს, რომ "მეგობარ აქტს" სენატში სრული მხარდაჭერა აღარ აქვს

შეერთებულ შტატებში სამი სენატორის წინააღმდეგობის ფონზე, ივანიშვილის გუნდში დღეს ირწმუნებიან, თითქოს „მეგობარ აქტს“ სრული მხარდაჭერა აღარ აქვს და კანონპროექტი ვერ გავა. „ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ამერიკული სანქციები აღარ იქნება.

თენგიზ შარმანაშვილი აშშ-ის სენატში მიმდინარე პროცესებს „დიფ სთეითის წინააღმდეგ გამარჯვების ნიშნად“ აფასებს. 

ძალიან ჰგავს ეს ყველაფერი ევროპარლამენტის დიფ სთეითის აგენტურის იმ რეზოლუციებს. ისევ ერთი ცენტრიდან მომდინარეობს ყველაფერი, ერთი დიექტივის შესრულებაა და მე მოხარული ვარ, რომ ეს სენატორები გამოჩნდნენ, რომლებმაც ამ აქტის საბოლოო მიღება სენატში შეაჩერეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არ მოხდებოდა ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე, ადმინისტრაციის აზრი მათ გაითვალისწინეს. რა თქმა უნდა, ისინი ბოლომდე შეისწავლიან საქართველოსთან ურთიერთობას და ასე ხელაღებით არ ჩაუგდებენ ნიანგის ხახაში საქართველოს დიფ სთეითელებს. მემგონი, ეს ამით უნდა იყოს გამოწვეული, - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.

არჩილ გორდულაძე დამატებით ამტკიცებს, რომ „მეგობარი აქტი“, სინამდვილეში, „მტრული აქტია“ და საქართველოს მიმართ დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენება: 

მეგობარი აქტი კი არა, პიქირით, მტრული აქტია საქართველოს მიმართ შემუშავებული. ახლა განხილვაშია ისევ სენატში და კარგია, რომ გადადგმული ნაბიჯი დადებითად უნდა შეფასდეს, რა თქმა უნდა, როდესაც განხილვის ეს დაჩქარებული პროცედურა შეჩერებულია. ამავდროულად, მოლოდინი შეუძლებელია, ჰქონდეს ადამიანს.. თუ გონიერი ადამიანები დაფიქრდებიან და მათ შორის, პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციაც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ის დიფ სთეითის მომზადებული მტრული აქტი  პარტნიორი ქვეყნის მიმართ,რომელიც პირდაპირ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გულისხმობს და პირდაპირ მითითებებით, მუქარით და შანტაჟით არის აღსავსე, თუ საერთოდ შეჩერდება, ეს ძალიან კარგი იქნება, - ამბობს არჩილ გორდულაძე. 

ოპოზიციის თქმით, რეალურად აშშ-ში მხოლოდ პროცედურული ცვლილება მოხდა: თუკი აქამდე „მეგობარი აქტი“ პრეზიდენტამდე პირდაპირ მიდიოდა, ახლა მას ჯერ სენატში განიხილავენ, რის შემდეგაც დონალდ ტრამპს დასამტკიცებლად გადასცემენ.

 

მსგავსი სიახლეები