"ოცნება" არის უპასუხისმგებლო ძალა" - ლანა გალდავა
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა თვალჭრელიძის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას აკისრებს და აცხადებს, რომ "ოცნება" არის უპასუხისმგებლო ძალა, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს გრძელვადიანი ხედვა იმისა, როგორ დააკმაყოფილოს ადამიანები ნორმალური საცხოვრებელი პირობებით".
მისი თქმით, "სწორედ, ნეპოტისტური და კორუფციული პოლიტიკის შედეგად არ აქვთ ადამიანებს საცხოვრებელი".
ლანა გალდავამ აღნიშნა, რომ "ლელო - ძლიერი საქართველო" გმობს იმ ძალადობრივ სპეცოპერაციას, რასაც ადგილი ჰქონდა, გუშინ".
"ლელო - ძლიერი საქართველო" გმობს იმ ძალადობრივ სპეცოპერაციას, რასაც ადგილი ჰქონდა, გუშინ, ძალის დემონსტრირების და უხეში ფორმების.
ეს არის შენობა, სადაც იმყოფებოდნენ შშმ პირები, არასრულწლოვნები, მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცი ადამიანები. პასუხისმგებლობა, ცხადია არის "ქართული ოცნების", რადგანაც მათ ვერ მოახერხეს ის, რომ ათწლეულების განმავლობაში არსებობს პრობლემა და უკვე დიდი ხანია. რაც "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში", დევნილების საცხოვრისებით დაკმაყოფილების პრობლემა და უსახლკაროების სოციალური სახლების, რომ ამ მიმართულებით გრძელვადიანი ხედვა ყოფილიყო.
სწორედ, ნეპოტისტური და კორუფციული პოლიტიკის შედეგად არის ის, რომ ვიღებთ ისეთ ვითარებას, როდესაც ადამიანებს არ აქვთ საცხოვრებელი, ადამიანები ათწლეულების განმავლობაში დგანან საცხოვრებლის მიღების რიგში და ვიღაცები 4-ჯერ და 5-ჯერ იღებენ სწორედ იმ ნეპოტისტური და კორუფციული პოლიტიკის შედეგად და საბოლოოდ, იმ ადამიანებს, რომლებიც ყველასგან მივიწყებულები და დაჩაგრულები არიან ხდება ის, რომ მათაც უხეში ძალის დემონსტრირებით და ძალოვანი სტრუქტურების ჩართულობით დევნიან ამ საცხოვრებლიდანაც.
ისედაც ხედავთ რა პირობებია, აქ უბრალოდ როგორ შეიძლებოდა ბავშვების ყოფნა წარმოუდგენელია და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ "ქართული ოცნება" არის უპასუხისმგებლო ძალა, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს არანაირი გრძელვადიანი ხედვა იმისა, როგორ დააკმაყოფილოს ადამიანები ნორმალური საცხოვრებელი პირობებით და უსაფრთხო გარემოთი," - განაცხადა ლანა გალდავამ.
ცნობისთვის, 39 ოჯახი ამ წუთასაც ქუჩაში დგას და ბინებით უზრუნველყოფასთან ერთად დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. ღამით აფრიკის დასახლებაში 17 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა დიდი ნაწილი სამოქალაქო აქტივისტია. ხელბორკილები პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაადო ბინის გარეშე დარჩენილებსაც.
დღეს კი თვალჭრელიძის ქუჩაზე ხმაური იყო - დასანგრევად გამზადებულ შენობასთან კომპანიის წარმომადგენელი გამოჩნდა.
გიორგი ჩაფიძემ თქვა, რომ ყველა ადამიანთან სასაუბროდ მზად არის, თუმცა ვერ უპასუხა გამოსახლებულების კითხვას, სად უნდა იქირაონ ბინა შეთავაზებული 700 ლარით 3-4 სულიანმა ოჯახმა.