EU-ის პრესსპიკერი: პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია - ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან

25.07.25 19:30
EU-ის პრესსპიკერი: პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია - ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან

ევროკავშირი კახა კალაძის განცხადებას, რომ მისი ნება რომ იყოს ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის "ქვეყნიდან გააძევებდა", განცხადებით პასუხობს და საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს "მოერიდონ წამქეზებლურ პირად თავდასხმებს".

ამასთან, ევროკავშირის პრესსპიკერი წერს, რომ პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. 

...მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში. ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან, მოერიდოს წამქეზებლურ პირად თავდასხმებს და თავისი მოსახლეობის ევროპული მომავლის მისაღწევად იმუშაოს.

ევროკავშირი იყო და არის საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ უცხადებს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოქალაქეებს და გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ სვლაში," - წერია პრესსპიკერის განცხადებაში. 

ცნობისთვის, კახი კალაძემ განაცხადა, რომ მისი ნება რომ იყოს, პაველ ჰერჩინსკის "ქვეყნიდან გააძევებდა".

მსგავსი სიახლეები